გურიაში ერქომაიშვილთა გვარის ღირსებას მარტო ტკბილ ჰანგზე მომართული ხმების უნიკალური მუსიკალურობა როდი წარმოადგენს _ ისინი შრომაშიც საოცრად ჰარმონიულნი არიან. ამის ერთი განსაკუთრებული ნიმუში შემოქმედში მცხოვრები ლეილა და კოტე ერქომაიშვილების ოჯახია.
მცირე სასათბურე მეურნეობა, 16 წლის მანძილზე არაქათგამომცლელი შრომა და ჩითილების გაყიდვით ნაშოვნი ლუკმა-პური _ სულ რამდენიმე სიტყვაში ეტევა უმძიმეს დროში ნაზიდი შეუფასებელი შრომის ტვირთი.
ახლა ულამაზეს კარ-მიდამოში ბაღნარი ყვავის, ჭიშკრის შიგნით, შუა მინდორზე დამრეცი კალაპოტით მიმავალ წყალზე წისქვილი ხმაურობს, მიწის დანარჩენ ფართობზე კი ჩამწკრივებულან მინი-სათბურები.
სხვადასხვა ბოსტნეულის ნერგების გამოყვანა, როგორც ქალბატონი ლეილა ამბობს, ძალიან ძვირი ჯდება და მხოლოდ დღიური ლუკმის საფასური თუ რჩებათ. ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე, მაგრამ სხვა გზა არ იყო და, ლამის ღამეების თევის ფასად, ოჯახის ძლიერება თვალშისაცემია.
ოჯახი ძირითადად, კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნის, ბულგარული და მწარე წიწაკის ნერგების გამოყვანაზე მუშაობს, რასაც ბაზარში თავად ყიდიან: _ გადამყიდველთათვის არასდროს ჩაგვიბარებია ჩითილები, რადგან თვითონ როცა ვყიდით, მაშინაც არ გვაქვს დიდი მოგება და გადაბარებ-გადმობარებით საქმე არ გამოვა, _ამბობენ ერქომაიშვილები.
როგორც ყველა ოჯახი, ვისაც მცირე საოჯახო მეურნეობა აქვს, მუყაითი ერქომაიშვილებიც ოცნებობენ უპროცენტო სესხსა თუ მცირე გრანტებზე, რაც მხოლოდ ერთეულთათვის არის ხელმისაწვდომი.
_ პროცენტის გადახდა გლეხკაცისთვის ძნელია, ყველა საკუთარი ჯაფით ამჯობინებს ლელოს გატანას, _ მიიჩნევენ სანერგე საქმიანობაში გაწაფული ადამიანები, რომლებსაც ამ დღეებში არაერთხელ შევხვდით აგრარულ ბაზარში.
ერქომაიშვილების საქმიანობაში სიახლეა _ მათ კრასნოდარის ჯიშის პომიდვრის “მოჯიშება” დაიწყეს, რომელსაც გასაყიდად მაისის ბოლოს გამოიტანენ:
_ წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, _ ამბობს ქალბატონი ლეილა, _ წელს მოსკოვიდან გამოგვიგზავნეს სათესლე მასალა და ვნახოთ, რა შედეგი ექნება. როგორც გვითხრეს, ერთი ცალი პომიდორი 900-1000 გრამს იწონის.
უეჭველია, ერქომაიშვილებთან სტუმრობა “კარმიდამოს” უახლოეს მომავალშიც მოუწევს, როცა გამორჩეული ჯიშის პომიდვრის ნერგსა თუ ნაყოფს ვიხილავთ და ჩვენს მრავალრიცხოვან მკითხველს საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მივაწვდით.