ჩემი დიდი რწმენით პრეზიდენტად მოვა მარგველაშვილი და იქნება იდეალური ვარიანტი, _ თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში, რომელიც “თავისუფლების” სპეციალურმა კორესპონდენტმა კობა ლიკლიკაძემ ლატვიის დედაქალაქ რიგაში პრემიერის ვიზიტისას ჩაწერა.
რადიო “თავისუფლება”: _ რატომ გჯერათ ამის, ბატონო ბიძინა?
ბიძინა ივანიშვილი: _ ჯერ, ელემენტარულად, მე ანალიზის უნარი მაქვს და, პრეზიდენტად მოვა მარგველაშვილი და იქნება იდეალური ვარიანტი.
ჩემი აზრით, ვიცი ხალხის განწყობაც. როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, თუ ეგრე არ მოხდებაო? – მე მას პასუხი გავეცი, რომ ასეთ შემთხვევაში, ვთავისუფლდები ჩემი პასუხისმგებლობიდან…
რადიო “თავისუფლება”: _ და მაინც მიდიხართ?
ბიძინა ივანიშვილი: _ რა თქმა უნდა. მაშინ, უნდა გაიქცე უკვე, თუ ვეღარც ანალიზს აკეთებ და არც ის ზედმეტი ნდობა გაქვს, რაც, მგონია, რომ მაქვს საზოგადოებაში. მე მინდა ვემსახურო საზოგადოებას, დავეხმარო მას და არა თავს მოვახვიო ჩემი სამსახური. თუ შევხედავ, რომ მე ეს აღარ გამომდის და არც ზედმეტი ნდობა არ მაქვს, შესაბამისად, ჩავთვლი, რომ თავისუფალი ვარ და ოთხივე გზა გახსნილი მაქვს და როგორც მომინდება, ისე ვიცხოვრებ და სადაც მომინდება, იქ ვიცხოვრებ, _ თქვა ინტერვიუში ივანიშვილმა.