აქცია ქალაქ ოზურგეთში, კინოთეატრის წინ მდებარე პარკში ორგანიზაციის განახლებული “მოძრავი ბიბლიოთეკის” პრეზენტაციით გაიხსნა. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე და ჟურნალ “ლიტერატურული პალიტრის” მთავარი რედაქტორი ზაალ ჩხეიძე, რომლებმაც მოგვიანებით ორგანიზაციის სააქტო დარბაზში ჩაატარეს საჯარო ლექცია წიგნის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ.
აქციაში 80–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ეს რიცხვი, აქციის ორგანიზატორების თქმით, მცირეა.
გიორგი კეკელიძემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: ნამდვილად არ გეთახმებით, რომ აქ ცოტა ხალხია. თუ კი ახალ თაობაში ამდენი მკითხველი ჰყავს წიგნს, ძალიან კარგი ამბავია.
ოზურგეთელი დათო მახარაძის თქმით, წიგნი ყოველთვის გასწავლის ცხოვრებას.
_ წიგნთან ურთიერთობაში ყოველთვის ისწავლის იმას, რაც გამოადგება ხვალ და ზეგ ცხოვრებაში. რაც შეიძლება მეტი წიგნი უნდა წაიკითხოთ, თქვენს მიერ წაკითხული წიგნი აუცილებლად მოუყევით თქვენს მეგობრებს, რომლებსაც არ აქვთ წიგნთან ურთიერთობა და აუცილებლად უნდა დააინტერესოთ, ამაში იქნება თქვენი დიდი მადლი, _ უთხრა ახალგაზრდებს დათო მახარაძემ.
წიგნის მოყვარული ნათია მენაბდე ამბობს: _ ჩემი ცხოვრების განვლილი რაღაც ეტაპების დრო დაყოფილი მაქვს წიგნებად, როცა ვკითხულობდი კონკრეტულ წიგნს, მოხდა რაღაც ამბავი ან ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ახალი წიგნი ვიყიდე. სისხლხორცეულად ვიყავი ყოველთვის წიგნთან დაკავშირებული. მინდა ყველას წიგნის სიყვარული გისურვოთ.
ზაალ ჩხეიძემ კი გვითხრა, რომ ძალიან კარგი ფაქტია, რომ მოძრავი ბიბლიოთეკა არსებობს ოზურგეთში და რაც უფრო მეტი მკითხველი იქნება, ეს რა თქმა უნდა, წაადგება საყოველთაო საქმეს, რომელსაც წიგნის სიყვარული ჰქვია.
მანვე განაცხადა, რომ იზრუნებს, მოძრავ ბიბლიოთეკას რამდენიმე წიგნი შემატოს.
































































