ავღანეთში დაღუპული 20 წლის გია გოგუაძე დღეს დაკრძალეს. ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. რამდენიმე დღის წინ თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა. მოხდა მისი
ჰოსპიტალიზაცია, თუმცა, ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო, გოგუაძის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ახალგაზრდა ჯარისკაცის დასაფლავებაზე, ოზურგეთში, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია და ამავე სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. განსვენებულის ოჯახს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმა და ელჩებმა გამოუცხადეს.
გია გოგუაძემ, 2009 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლა დაამთავრა. როგორც მისმა მეგობრებმა გვითხრეს, გიას სახით, ერთგული და სანდო ადამიანი დაკარგეს:
_ ის იყო მამაცი, მებრძოლი და პატიოსანი ახალგაზრდა. ამ წუთებში, როდესაც გიას დაკრძალვაზე ვართ, ძალიან გვიჭირს მასზე საუბარი.
ახალგაზრდა ჯარისკაცი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში ორი თვის წინ გაემგზავრა.