ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 14 ადამიანი იმყოფება. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი, მაია ქუტიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ აქედან ორ მათგანს დღეს უმთავრდება საკარანტინო ვადა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები წესებს არ ემორჩილებიან და ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოდიან.
მაია ქუტიძემ აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„ყოველდღე ხდება კონტროლი. ახლა მოვედი სამსახურში, რადგან ყველა მათგანი მოვინახულე და ყველანი სახლში იყვნენ. მსგავსი ჭორები ვრცელდება, მეც გავიგე, მაგრამ არანაირი პანიკის საშიშროება არ არის,“ _ გვითხრა მაია ქუტიძემ.
მისივე თქმით, თუ ვინმე ჩამოვა იმ ქვეყნებიდან, სადაც დაფიქსირებულია კორონავირუსი აეროპორტში ხდება კონტროლი და თუ აღმოაჩნდებათ სიცხე, ისინი გადაყვანილი იქნებიან კარანტინში.
„გურია ნიუსს“ არაერთი ადამიანი დაუკავშირდა და ისინი იმ ადამიანების სახელის და გვარის დასახელებას ითხოვენ ვინც იმყოფებოდა ბოლო დროს იტალიაში. მაგრამ, ჩვენ ვიცავთ ჟურნალისტურ ეთიკას და აქედან გამომდინარე ამ ინფორმაციას არ გავავრცელებთ.