
_ როგორ შეაფასებთ არჩევნებს?
პაატა მანჯგალაძე:
_ ზოგადად, ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. თუმცა, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ხდებოდა ცალკეული მხარდამჭრების გადაბირება – ზეწოლა, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ამას მასიური ხასიათი არ ჰქონია.
_ საზოგადოება საუბრობს, რომ “ქართულ ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” შორის ერთგვარი გარიგება მოხდა…
_ მესმის, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ წარუმატებლობას სხვებს აბრალებენ და ცდილობენ დამარცხების მიზეზები სხვებში იპოვონ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ისეთ ფაქტთან გვაქვს საქმე, როდესაც “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის გარიგებაზე საუბრობენ. ისინი ვერ მოიტანენ ამის დამადასტურებელ ვერცერთ მტკიცებულებას. დაპატიმრებულია “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს მთელ რიგ თანამდებობის პირებზე. საქართველოს მასშტაბით დაკითხვებზე დაიბარეს ათასობით ჩვენი მომხრე და ამის შემდეგ ისაუბრო რაღაც პოლიტიკურ შეთქმულებებზე,მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობად მიმაჩნია.
_ ელოდით თუ არა არჩევნებზე ასეთ შედეგს?
_ თუ უმრავლესობა შენსავით არ ფიქრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი პოზიცია მცდარია. ჩვენ ყოველთვის ზომიერები ვიყავით შესაძლებლობების შეფასებაში. არც ეს პროცენტი გვაკვირვებს, არც ეს შედეგი. ამასთან, არ შემიძლია დიდი პატივისცემა და მადლიერება არ გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მხარდაჭერა გამოუცხადა დავით ბაქრაძეს. მათ მინდა ვუთხრა, რომ მართალია, ამ ეტაპზე გამარჯვებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ისიც გამარჯვებაა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შედგა, როგორც დასავლური ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც სახელისუფლებო რესურსის გარეშე ასიათასობით მხარდამჭერი ჰყავს და ეს მხარდაჭერა მომავალი გამარჯვებების საწინდარია.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვულოცავ ჩვენს კონკურენტებს გამარჯვებას, ხოლო მარგველაშვილის იმ მომხრეებს, ვინც გარკვეული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ვკითხავ: – რა შეიცვალა თითოეული მათგანის ცხოვრებაში განვლილი ერთი წლის მანძილზე. სამუშო ადგილები იშოვეს, ინფრასტრუქტურული პროექტები ვითარდება უფრო სწრაფი ტემპით თუ კრიმინოგენული ვითარებაა უკეთესი და მათი უსაფრთხოება უფრო მეტადაა დაცული?
_ რას გულისხმობთ, თქვენ რით ხართ უკმაყოფილო?
_ არასწორად გაიგეთ ჩემი პათოსი. იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმეს გამარჯვება მშურს, არამედ იმის ახსნას ვცდილობ, რომ რეალურად შევხედოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესს. მაგალითად იმას, რომ 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ოთხასი მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდის გამოშვება. ეს ქვეყნის შიდა ვალია. ასევე, ივარაუდება შვიდას ოცდათორმეტი მილიონი ლარის საგარეო ვალის აღება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი შემცირებულია ორასი მილიონი ლარით. საქსტანდარტის მაჩვენებლითაც კი, 2013 წლის უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებლები საგრძნობლად ჩამოუვარდება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემებს. 2012 წელთან შედარებით ასევე შემცირებულია მთლიანი საგადასახადო შემოსავლები. რაც შეეხება პენსიის 220 ლარამდე გაზრდას, ამ დაპირების შესასრულებლად 2014 წლის ბიუჯეტში არცერთი თეთრი არ მოეპოვებათ.
_ ანუ, ფიქრობთ, რომ კარგი და პოზიტიური არაფერი მომხდარა ამ ერთი წლის მანძლზე?
_ არ მინდა ჩემი საუბარი ისე იყოს გაგებული, თითქოს ჩასაფრებულის პოზიციიდან ვსაუბრობდე და ხელისუფლების თითოეული წარუმატებლობა მახარებს. ეს ნამდვილად არ არის ასე. რაც შეეხება პოზიტიურს, ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ უფასო ხვნა-თესვის პროგრამამ ან მოსწავლეების უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფამ გაამართლა, მაგრამ როგორც ამ სფეროს ექსპერტები საუბრობენ, ჩვენი თვითმიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ ჩვენს მოსახლეობას მათი გაჭირვებიდან გამომდინარე უფასო დახმარებები სჭირდებოდეს, არამედ ამ ფულის ფასად სამუშაო ადგილები შეიქმნას და ყველამ თავისი შრომით შეძლოს ღირსეული მომავლის მოწყობა.
_ ფიცის მიღების შემდეგ პრემიერ-მინისტრი დანიშნავს გუბერნატორებს. აპირებთ თუ არა თანამშრომლობას პრემიერის მიერ გურიის მხარეში დანიშნულ ახალ გუნდთან?
_ ანუ თქვენ მეკითხებით, როცა ახალი გუბერნატორი მოვა ვითანამშრომლებ თუ არა მასთან? მიმაჩნია, რომ ბევრ საკითხზე, მათ შორის რეგიონის მოწყობისა და მისი განვითარების საჭიროებების შესახებ “ქართული ოცნების” გუნდსა და ჩვენს შორის ფუნდამეტური განსხვავებები არსებობს. შესაბამისად, გადაწყვეტილებები ამ ფაქტორებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
_ პირდაპირ მიპასუხეთ, დარჩებით თუ არა თანამდებობაზე?
_ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მთელი გუნდი გუბერნატორთან ერთად მივიღებთ.




































































