ამის პარალელურად სხვა საკადრო ცვლილებებიც ანონსდება. როგორც წყარო ამბობს, ღარიბაშვილს შს მინისტრის პოსტზე ანზორ ჩუბინიძე შეცვლის. შეიცვლება მთავარი პროკურორიც. გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილი აუდიტის სამსახურის უფროსი გახდება, ხოლო მთავარი პროკურორის პოსტს ლაშა ნაცვლიშვილი დაიკავებს.
უკვე სახელდება ახალი გუბერნატორების ვინაობაც. მათ შორის არის გურიის გუბერნატორობის კანდიდატი დავით დარჩია, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში ღიად აცხადებს, რომ მას ეს თანამდებობა ეკუთვნის.
დარჩია დედაქალაქიდან გუშინ დაბრუნდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იგი სწორედ გუბერნატორობის საკითხთან დაკავშირებით იყო თბილისში წასული.
_ ბატონო დავით, როგორც ვიცით თბილისში გუბერნატორის პოსტის გასარკვევად იყავით. რა გადაწყდა?
_ არაფერი არ ვიცი.
_ ჯერ კიდევ თბილისში წასვლამდე დაადასტურეთ, რომ გურიის გუბერნატორი თქვენ გახდებოდით.
_ არა, ჯერ არ არის ეს გადაწყვეტილი.
_ თქვენ გინდათ გუბერნატორობა?
_ მე…
_ მზად ხართ გუბერნატორობისთვის?
– მე მზად ვარ იმისთვის, რაც სჭირდება ქვეყანას და ხალხს.
_ ბატონო დავით, თქვენი მეგობარი, თანაკურსელი პრემიერ-მინისტრი დაგეხმარებათ, რომ გუბერნატორი გახდეთ?
_ პრემიერ-მინისტრი არ არის ჩემი თანაკურსელი.
_ თქვენ შემოგევლეთ, ვერაფერს ვერ გეტყვით.
_ პრემიერთან თუ გქონდათ ამ თემაზე საუბარი?
– ნამდვილად არა.
_ ოზურგეთში, გიორგი მარგველაშვილის საზოგადოებრივი დარბაზის მხარდამჭერები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მათი დამსახურებაა და არა თქვენი…
– გადამეტებულია. რა თქმა უნდა, ყველას დამსახურებაა და ყველას დიდი მადლობა შტაბში იყო, სახლში თუ გარეთ. შტაბმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა, დარბაზმა დადებითი გავლენა იქონია, მაგრამ იმის თქმა, რომ მათი დამსახურებაა მოგება ძალიან გადამეტებული ნათქვამია. ძალიანზე მეტიც. ყველა ადამიანს, ვინც შტაბში და დარბაზში იყო მადლობას ვუხდი. თუმცა, რას ამბობენ, მაგას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
_ თქვენი დამსახურება რა არის საიმისოდ, რომ გურიის გუბერნატორი გახდეთ?
_ ჩემთვის ჩემო ბატონო, მაგას რატომ მეკითხებით? დამსახურება მაქვს იმაზე მეტი და შეიძლება კიდევ მეტი, ვიდრე ადამიანს აწევა შეუძლია.
_ რამდენიმე კანდიდატურა დასახელდა, თუმცა, ამბობენ, რომ არჩევანი თქვენზე შეჩერდა. რატომ მაინცდამაინც თქვენ, პრემიერთან მეგობრობის გამო?
– რა შუაშია ეგ. იმიტომ დათო დარჩია, რომ სხვა კანდიდატურა, რომელიც დასახელდა ვერ იტყვის, რომ დათოზე მეტი აქვს გაკეთებული.
_ პოლიტიკაში ახალი სახე ხართ, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება…. იქნებ არის იმის იქით კიდევ სხვა რამ, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს…
– მე იმაზე მეტი გავაკეთე ვიდრე ერთ ადამიანს შეუძლია. ნამდვილად გეუბნებით. მერე რა რომ ახალი სახე ვარ, ჩვენ მივესალმებით ახალ სახეებს.
_ ახალ სახეებს ყველა მიესალმება. უბრალოდ გვაინტერესებს რა დამსახურება გაქვთ…
_ კითხეთ ნებისმიერ ოზურგეთელს, ნებისმიერ ჩემს თანამებრძოლს რატომ უნდა გავხდე…
_ როგორც ჩანს, თქვენ ძალიან გინდათ გუბერნატორობა…
_ მე რა მინდა ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. მაგას გადაწყვიტავს შესაბამისი ორგანო.
_ როგორც გვითხრეს, მოადგილედ უკვე შეარჩიეთ დიმიტრი კვერღელიძე….
– არ ვიცი, არ ყოფილა ჯერ ამ თემებზე საუბარი და ჯერ როგორ შევარჩევდი. ზედმეტია ეს საუბარი.
_ ჩვენთან ვიდეო ინტერვიუში დაადასტურეთ, რომ თქვენ გახდებით გუბერნატორი….
_ ეს მე არ მითქვამს.
_ ბატონო დავით, თქვენ ეს ვიდეო ინტერვიუში თქვით და ეს ინტერვიუ შეგიძლიათ ჩვენ ვებ-გვერდზე ნახოთ…
_ სურვილი თუ გაქვსო ვიღაცამ მკითხა. მგონი თქვენ იყავით.
– არ უარვყოფ, მაგრამ ჯერ არ ვარ დანიშნული. წესით და კანონით დავით დარჩიას მისი გაკეთებული საქმეებიდან ეკუთვნის ეგ.
_ბატონო დავით, ბიძინა ივანიშვილთან თქვენი პოზიციები ირაკლი ალასანიას კადრის, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსის შესახებ ჩატანილმა ინფორმაციამ ხომ არ გაამყარა… იმ ინფორმაციას ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლება მოჰყვა…
_ კაიб ახლა ძალიან გთხოვთ. მე სხვანაირად გიცნობთ თქვენ და ძალიან გთხოვ უფრო კორექტულები იყავით.
_ რა დაინახეთ ჩვენს კითხვაში არაკორექტული?
– აბაб რა ვიცი მეб არაკორექტული რა არის და რა _ არა, როგორ გითხრათ, თქვენ თუ თვლით, რომ ჩემი დამსახურებაა, მასე იყოს. რატომ გახსოვთ ეგ ამბავი. მე არ მახსოვს და…
_ არ უნდა გვახსოვდეს? სწორედ მაგ ამბის შემდეგ გახდა თქვენი სახე აქტუალური პოლიტიკაში. მაგის შემდეგ დაინიშნეთ “ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციის უფროსად, შემდგომში მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსად…
_ კი ბატონო. ჩათვალეთ, რომ პრემიერი ჩემი ახლობელი, მეგობარი კაცია და მე ჩემი ცხოვრების მანძილზე მზად ვარ ვუთხრა და მივაწვდინო ინფორმაცია. სხვა რა შუაშია და რა კიდეში ვერ გავიგე. რა პოზიციის გამყარებაზეა საუბარი. მე ყოველთვის მქონდა პოზიცია იმ რაიონში, სადაც ვცხოვრობ და ჩემი ფეხით დავდიოდი ჩემი კაცობა და ადამიანობა მაქვს. ასევე ჩემს ოჯახს და ამას ვერავინ ვერ შეცვლის მიუხედავად ბევრი მცდელობისა და თეთრი თუ შავი ლაქების გამოჩენისა. მე ჩემი ცხოვრება მეამაყება. ვიმსახურებ, რომ ქვეყანა და ჩვენი რაიონი იყოს წარმატებული.