მისი განცხადებით, თანამდებობაზე დანიშვნა პლიუსებისა და მინუსების შეჯამების ხარჯზე ხდება. ამ კუთხით კი ღარიბაშვილმა შს მინისტრის პოსტზე ერთწლიანი მოღვაწეობისას მეტ-ნაკლებად ნორმალურად შეძლო პრობლემებისთვის თავის გართმევა.
“ამდენად, მისი დაწინაურება არ გამიკვირდებოდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრობა ცოტა სხვა დონეა.
ჩვენს საზოგადოებაში მოცემულ მომენტში ამა თუ იმ პირისადმი ნდობა განისაზღვრება იმით თუ ვისი კაცია ის. რაკი ის ივანიშვილის მიერ არის დანიშნული, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას ექნება ნდობა ამ ადამიანისადმი. უფრო სწორად კი, ივანიშვილისადმი. მოსახლეობის ნდობა ამ შემთხვევაში კონცენტრირებულია ივანიშვილზე და არა ღარიბაშილზე. ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში დაახლოებით იგივენაირად არის, როგორც მარგველაშვილი, რომელიც შესთავაზეს საზოგადოებას, როგორც ივანიშვილის ფავორიტი.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არჩევნებზე არ მივიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველს პრობლემა აქვს სწორედ ნდობასთან დაკავშირებით – არა ივანიშვილისადმი, არამედ მისი ფავორიტისადმი. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც,” _ ამბობს სარჯველაძე.
მისივე თქმით, რამდენ ხანს გასტანს საზოგადოებაში ეს ნდობა, რთული სათქმელია. ამასთან, სარჯველაძის აზრით, შანსი იმისა, რომ ახალმა პრემიერმა და მთავრობამ მოსახლეობას არ მოუსმინოს ძალიან დიდია.
“ავიღოთ ხუდონჰესი. აშკარად ჩანს, რომ საზოგადოების საგრძნობ ნაწილს ხელისუფლებამ შესაძლოა ანგარიში არ გაუწიოს და ამის ნიშნები უკვე ჩანს. არამარტო ღარიბაშვილი, არამედ საკუთრივ ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილის ხელდასმულია, უფრო მეტად საკუთარი ინტერესებიდან გამოვა.
ეს ჩანს კიდეც ივანიშვილის დამოკიდებულებიდან ჟურნალისტებისადმი, ექსპერტებისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სურს თავისი ხაზი გაატაროს – სურს ისეთი ჟურნალისტები და ექსპერტები ჰყავდეს, როგორიც მას უნდა. ანუ ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ხელისუფლების ინტერესი ყველაზე მაღლა იდგება.
ამასთან, თვითშენარჩუნების მოთხოვნილება წამყვანი იქნება, რადგან ეს კოალიციაა, რომელიც ძალიან განსხვავებული სუბიექტებითაა დაკომპლექტებული და ამის გამო დაშლის შანსიც ძალიან დიდია. ამ დროს შემაკავშირებელი უნდა იყოს ხელისუფლების ერთი საერთო ნება, რომელსაც ის გაატარებს უყოყმანდ, თავის ინტერესებიდან გამომდინარე. იქნება ეს დემოკრატიული თუ ძალადობრივი ფორმებით, ამის თქმა რთულია,” _ ამბობს სარჯველაძე.
მისივე თქმით, ეს ხელისუფლება ისევე თვითმაქებრობისა და განდიდების ფაზაშია, როგორც იყო სააკაშვილის ხელისუფლება. ჩანს კოლექტიური ნარცისიზმი, რაც ახასიათებდათ ნაციონალებსაც. ისტორია მეორდება.
ამასთან, სარჯველაძე ხელისუფლების ოპონენტთა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობას პოლიციური რეჟიმის შექმნა სურს, აცხადებს, რომ სახელმწიფოში, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება ბოლომდე შემდგარი არაა, გასაკვირი არაა მკაცრი ხელის მოთხოვნა არსებობდეს და პოლიციამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ინსტიტუციებს შორის.
“ეს ლოგიკურიცაა, რადგან კრიმინალის ხელახლა აღზევების შანსები არსებობს და მაგარი ხელია საჭირო. ისეთი, როგორიც სააკაშვილის შემთხვევაში იყო, ოღონდ ამჯერად ადამიანის უფლებების დაცვით. მაშინ ეს თითქმის აუცილებელია მოცემულ მომენტში, რადგან საკმაოდ ქაოტურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.
თუმცა, პრემიერ-მინისტრს პოლიციური წესრიგის დამყარების გარდა სხვა ამოცანებიც აქვს. ეს თანამდებობა გაცილებით მეტია. მან უნდა ააშენოს ეკონომიკაც, რომელსაც არამარტო იურიდიული რეგულაციები, არამედ რეალური სტიმულატორები სჭირდება, რომელიც არ ჩანს. ამ კუთხით ღარიბაშვილის პოტენციალს ვერ ვხედავ,” _ უთხრა სარჯველაძემ “გურია ნიუსს”.
“ღარიბაშვილის მოღვაწეობას შიდა სივრციდანაც ჰყავს მოწინააღმდეგეები და არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება დაშორდეს, რამდენადაც “რესპუბლიკური პარტია” და “ნაციონალური მოძრაობა” საკანონმდებლო ხელისუფლებაში მნიშვნელოვან წილად არიან წარმოდგენილნი. ისინი აუცილებლად შეეცდებიან ირიბი თუ პირდაპირი ფორმით “ივანიშვილისეული” კადრების დისკრედიტაციასა და საკუთარი ინსტიტუციის გაძლიერებას,” _ აცხადებს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია.
იგი მიიჩნევს, რომ მემკვიდრეობა, რაც ირაკლი ღარიბაშვილს შსს-ში ერთი წლის წინ დახვდა ხსნის ამ დროის განმავლობაში მომხდარ იმ არაერთ საზოგადოებრივ მოვლენას, როდესაც შსს-ს მხრიდან გარკვეული პოზიტიური თუ ნეგატიური შედეგები იქნა მიღწეული.
“საუბარია, მათ შორის გაუხსნელ საქმეებსა და სხვა მრავალზე. ლეგალურია, ჩნდება შეკითხვები, მათ შორის მანკიერი მხარის გასაჯაროების დროს იმის შესახებ, პროცესები ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან იყო მართული თუ მისგან გარკვეული პერსონალიები ხელდაფარული; ვფიქრობ, პირველ ვერსიაზე ყველაზე ანტაგონისტური მხარეებიც კი ვერ დაიწყებენ საუბარს, ხოლო მეორე ვერსიას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გარკვეულწილად პოზიტიურად შევაფასოთ ღარიბაშვილის თიმბილდინგისეული შესაძლებლობები, ისევე, როგორც გავაკრიტიკოთ მისი მხრიდან ნაკლები თვითკრიტიკულობა და ნაკლები ღიაობა საზოგადოებისადმი,” _ ამბობს გამზარდია.
ამასთან, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მითქმა-მოთქმა პოლიციური რეჟიმის შექმნასთან დაკავშირებით, ცოტა ირონიულად ჟღერს.
“საქმე ისაა, რომ არაოფიციალური ფორმით ჩვენს ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი არაერთი წელია არსებობს და მოცემულ ეტაპზე, ეს მაჩვენებელი უფრო შემცირებულია, ვიდრე გაზრდილი. ბუნებრივია, ვერ ვიტყვით, რომ სისტემა ან დეპოლიტიზირებულია ან საზოგადოებრივი პროცესები პოლიციური რეჟიმისგან სრულად დაცლილია, მაგრამ მის მწვავე გამოვლინებებზე საუბარი ნამდვილად აღარ არის და ჯერჯერობით, ეს ფაქტობრივი მოცემულობაა.
პირდადად, მე, ცხადია, არ მაქვს ილუზია, რომ საქართველოში არსებობენ ან პოტენციურად არსებობენ ლიდერები, რომლებიც ჩინებულად ართმევენ თავს ფუნქციებს და გამოიხატებიან მაქსიმალური ღიაობითა თუ საზოგადოებრივი ჩართულობით. მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის შემთვევაშიც. თუმცა, მისი პრემიერობის შესაძლებლობა შეგვიძლია გარკვეულწილად პოზიტიურ კონტექსტში წარმოვადგინოთ რამდენიმე პარამეტრის გამო – ეს არის მისი აქტიორული შესაძლებლობები, ანუ ადამიანი საზოგადოებაში, მისი გამოხატული პიროვნული თვისებები, მისი იგივე თიმბილდინგური შესაძლებლობები და უნარი და ლიდერული უნარ-ჩვევებიც, როგორც თვითმყოფადი პირი, რაც მას, როგორც საზოგადოებრივ ტიპს დამატებით პოზიტივს უქმნის.
ამას გარდა, აქ არის საუბარი მისი პოლიტკორექტულობის მაჩვენებელზეც, რომელიც ბევრი თანამედროვე მოღვაწის ფონზე უფრო მაღალ ქულას იმსახურებს, მისი არააჟიტირებული ხასიათი, ანუ მშვიდი და რაციონალური გამოხატულებები და ა.შ.” _ აცხადებს გამზარდია.
მისივე თქმით, შეუძლებელია იმაზე საუბარი, რამდენად გაუმკლავდება ის პრემიერის სტატუსს, მითუმეტეს, რომ საქართველოში მაღალი სტატუსი და ძალაუფლება ძირითადად ნეგატიურ გავლენას ახდენს ხელისუფლების წარმომადგენლებზე. ასევე, იმ რისკების გათვალისწინებითაც, რაც ახალ პრემიერს წინ ხვდება.
“რამდენად იქნება ის საზოგადოების მსმენელი ან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და რომელს მიანიჭებს უპირატესობას, ეს ძნელი სათქმელია, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების ხმა და სახელმწიფოს ინტერესები იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს… ამ მხრივ, ახალი პრემიერის გამოცნობა ცოტა რთული მეჩვენება, არსებობს რისკები თუ მის მიმართ ნეგატიური კამპანია დაიწყება, ან საზოგადოება გამოიჩენს იმავე დამოკიდებულებას, რაც ყველა სხვა ლიდერის მიმართ დღემდე, თავდაცვაზე ორიენტირებულ ახალგაზრდა პრემიერს შესაძლოა ლავირება გაუჭირდეს.
თუმცა, აქამდე არსებულ კრიტიკულ და კრიზისულ მომენტებში მან, ზოგიერთ შემთხვევაში გამოხატული სისუსტის მიუხედავად, მთლიანობაში, პროცესები მართვადი გახადა და ნეგატიური შედეგები მინიმუმამდე დაიყვანა (იგივე პრეზიდენტის გამოსვლა, იგივე 17 მაისი), რაც ჯამში, მაინც პოზიტიური მოლოდინების წინაპირობას უფრო ქმნის, ვიდრე ნეგატიურისას,” _ უთხრა გამზარდიამ “გურია ნიუსს”.







































































