“საქართველოში გენერალური პროკურორის ადგილზე შესარჩევი კანდიდატურა სანთლითაა საძებნელი. მე კარგად ვიცნობ არჩილ კბილაშვილს და მახსოვს რა მითხრა თანამდებობაზე დანიშვნის პირველ დღეებში – მე დავკარგე თავისუფლება, როცა გავხდი მთავარი პროკურორიო. ის ძალიან გაწონასწორებული, ზრდილობიანი და თავისი საქმის მცოდნეა, მაგრამ საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. დღეს, როცა კოაბიტაციაა საქართველოში, ვერავინ შეძლებს სამართლიანობის აღდგენას. მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ საჭირო და აუცილებელია კუბლაშვილმაც დაწეროს განცხადება და წავიდეს, რადგან მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ვერც ერთი პროკურორი ვერ მოახერხებს სამართლიანობის აღდგენას.
გარდა ამისა, პროკურატურას აკლია ტემპი და პროფესიონალიზმი. დღესაც ბევრი ისეთი ადამიანი არის პროკურატურის შიგნით, რომლებიც ხელს აფარებენ რეალურ დამნაშავეებს, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში, ცდილობდნენ მავანნი და მავანნი ოქრუაშვილის გათეთრებას.
მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი აზრი, კბილაშვილის დროს პროკურატურა გაიხსნა და აღარ იყო ჩაკეტილი სივრცე, მან ყველაფერი გააკეთა, მაგრამ დღეს შექმნილმა ორხელისუფლებიანობამ არ მისცა საშუალება რეალიზების. საჭირო იყო ახალ მთავრობას “ნაციონალური პარტია“ გამოეცხადებინა ქართველი ხალხისთვის გენოციდის მომწყობად და საერთოდ ჩამოეშორებინათ მართვის სადავეებისთვის. მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი სამართლიანობის აღდგენა, თორემ თუ ძველებურად გაგრძელდა, ვერც ერთი პროკურორი ვერ შეძლებს ამას,“ _ განაცხადა სოსო რობაქიძემ.