აქტელიკი ფოსფორორგანული ინექტო-აკარიციდული პესტიციდია; მისი მწარმოებელია შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია “სინჯენტა”.
იგი გამოიყენება ღია და დახურული გრუნტის სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფოთოლჭამია და მწუწნავი მავნებლების ფართო სპექტრის (მათ შორის, ტკიპების) წინააღმდეგ საბრძოლველად. მცენარეების აქტელიკით დამუშავებისას, ძალზე მოკლეა ლოდინის პერიოდი, რაც მნიშვნელოვანია სასათბურე კულტურებისთვის.
ამჯერად გვინდა ყურადღება გავამახვილოთ აქტელიკის გამოყენების სხვა მიმართულებებზე, კერძოდ:
_ იცავს მარცვლეულის საცავებს (მათ შორის, სასაწყობე შენობებს), მარცვლეულის გადამამუშავებელ ქარხნებს, დანადგარებს (ელევატორებს) და თავად მარცვლის მარაგებს ბეღლის მავნებელთა მთელი კომპლექსისგან (ფქვილის ტკიპები, ბეღლის ცხვირგრძელები, ფქვილის ღრაჭები, ფქვილიჭამიები და ა.შ.);
_ იცავს მარცვლის საწყობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების ტერიტორიებს იქ მობინადრე სპეციფიკური მავნებლებისგან;
_ გამოიყენება მავნებლების წინააღმდეგ მარცვლის (სათესლე, საფურაჟე, სასურსათო) დამუშავებისას, შენახვის წინ;
_ ნებადართულია საყოფაცხოვრებო მავნებლების (ტარაკანები, კოღოები, ბუზები, ჭიანჭველები, რწყილები, ბაღლინჯოები, კრაზანები, ტილები, ჭრიჭინები) წინააღმდეგ საბრძოლველად;
_ იცავს სატყეო მეურნეობებს მავნებელთა კომპლექსისაგან; ასევე, მერქნის მზა მასალას სპეციფიკური მერქნის მავნებლებისგან.
აქტელიკის აღნიშნული მიზნებისთვის გამოყენება და მაღალი ეფექტიანობა განპირორებულია მისთვის დამახასიათებელი შემდეგი ძირითადი თვისებებით:
_ ინერტულ ზედაპირებზე ხანგრძლივი პერიოდის (12 თვემდე) განმავლობაში დაცვითი მოქმედების უნარი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სათავსოებისა და საწყობების დასამუშავებლად;
_ ახასიათებს ფუმიგაციური მოქმედება, რაც პრეპარატს ანიჭებს ძნელად ხელმისაწვდომ (შეუღწევად) ადგილებში მავნებლების განადგურების შესაძლებლობას.
_ გააჩნია სასურველი და მისაღები ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები (მაღალი უსაფრთხოების ხარისხი სხვა ფოსფორორგანული ჯგუფის შენაერთებთან შედარებით), რაც საშუალებას იძლევა აქტელიკით დამუშავებული მარცვლეული გამოყენებულ იქნას ნებისმიერი მიზნებისთვის და ვებრძოლოთ საყოფაცხოვრებო მავნებლებს ადამიანის საცხოვრებელ გარემოში.
თითოეულ სექტორში არსებობს აქტელიკის გამოყენების შესაბამისი წესი, ტექნოლოგია და რეგლამენტაცია.
თემურ მიმინოშვილი,ფერმერთა მომსახურეობის ცენტრი “ხელხვავი”