პრეზიდენტთან შეხვედრამდე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს ირაკლი ძნელაძეს მადლობა გადაუხადა და გენერალ ვახტანგ კაპანაძეს ახალ პოსტზე წარმატება უსურვა.
პრეზიდენტმა ბრიგადის გენერალი კაპანაძე ამ თანამდებობაზე მთავრობასთან შეთანხმებით დანიშნა. დღესვე, მთავარსარდლის განკარგულებით “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძეს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.
გენერალ-მაიორ კაპანაძეს დღემდე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. მან გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე შეცვალა.
დღესვე, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “ძ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულება დამტკიცდა.