შიდსთან ბრძოლის კვირეულის პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ კავკასიაში. საქართველოში კვირეულის ჩასატარებლად სამი რეგიონი – სამეგრელო, აჭარა და შიდა ქართლი შეირჩა.
კვირეული საქველმოქმედი ხასიათსაც ატარებს. დღეს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში მოეწყო გამოფენა აივ-დადებითი ახალგაზრდების ნამუშევრების, საიდანაც შემოსული თანხა მოხმარდება ხუთ აივ-დადებით ბავშვს.
კვირეული ზუგდიდში გუშინ გაიხსნა საგანმანათლებლო კონფერენციით და ფორუმით, რომელიც მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს მოხსენებები აივ-შიდსის თემაზე, პარალელურად უნივერსიტეტის ეზოში მყოფ სპეციალური აღჭურვილობის ავტობუსში ორგანიზაცია „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“ ატარებდა აივ-ტესტს. ტესტის გაკეთება ყველა მსურველს შეეძლო უფასოდ და ანონიმურობის სრული დაცვით.
ორგანიზაციის “რეალური ხალხი, რეალური ხედვის” წარმომადგენლების განცხადებით ტესტის ჩატარება მსურველებს დღესაც შეეძლებათ შალვა დადიანის სახელობის თეატრთან, სადაც მოძრავი ლაბორატორია 15-18 საათამდე მოემსახურება მოქალაქეებს.
აივ ინფიცირების ევროპულ კვირეულს ზუგდიდში ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია „ქსენონი“ შეუერთდა. ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო მრგვალი მაგიდა სახელწოდებით-„აივ-შიდსი ფოკისში დავიყვანოთ ნულამდე“. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვირეულის მიზანია მოსახლეობის სტიმულირება შედსის გამოკვლევების ჩასატარებლად.
კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. შიდსთან ბრძოლის კვირეული 3 დეკემბერს დასრულდება.