“დღეს საქართველოში ახალი რეალობაა და ამ საქმეში უზარმაზარი დამსახურება ევროკავშირსა და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მიუძღვით. ალბათ, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება პირველი საჯარო შეხვედრაა ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ და მნიშვნელოვანია, რომ იგი მთავრობის სამომავლო გეგმებს ეხება სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
ასევე, სიმბოლურია და ხაზს უსვამს საქართველოს პოლიტიკურ მისწრაფებებს ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ვილნიუსში გაიმართა, სადაც უმნიშვნელოვანესი შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის,” _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა გასული ერთი წლის განმავლობაში, კოაბიტაციის ვითარებაში ახალი ხელისუფლებისთვის გაწეულ დახმარებას.
“სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, საქართველოში მის წარმომადგენლობას და განსაკუთრებით ბატონ თომას ჰამარბერგს; აგრეთვე გაეროსა და ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისა და დემოკრატიული პროცესების გამყარების საქმეში,” _ განაცხადა ღარიბაშილმა.