ძლიერმა ქარმა ოზურგეთს, ჩოხატაურს და ლანჩხუთს პრობლემები დილიდან შეუქმნა.
ოზურგეთსა და ლანჩხუთში ასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ელექტრობოძებთან ერთად ქარმა ნაძვები წააქცია:
_ მელექედურში ძლიერმა ქარმა ორი ხე წააქცია, ჭანიეთი-ქობულეთის გზაზე _ ხუთი ხე, ურეკში _ ორი ხე, შეკვეთილში სამი ხეა წაქცეული. გურიანთასა და ბაილეთში ელექტროგადაცემის ბოძები წაიქცა. უხვი ნალექის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. ჯუმათსა და სილაურში საყანე ფართობები დაიტბორა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე შარაძენიძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, მიყენებული ზარალის ოდენობა, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია:
_ წაქცეულია ხეები და ელექტოგადაცემის ბოძები. დაახლოებით, 10 ოჯახს სახლის სახურავი დაუზიანდა. ზარალი არის, თუმცა, არა იმ რაოდენობის, როგორიც წინა ქარბუქის დროს, _ გვითხრა ურუშაძემ.
ძლიერმა ქარმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურებში რამდენიმე სახლს სახურავი დაუზიანა. სოფელ ზოტში კი მეწყერი ჩამოწვა და 5 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
ამ დროისთვის, სამივე მუნიციპალიტეტში ზარალს აზუსტებენ.