“თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობა გაზაფხულზე დაიწყო, ჩატარდა კოალიციის პოლიტსაბჭოს ბევრი სხდომა და ბოლოს პროექტი მთავრობამ ორჯერ განიხილა და გამოაგზავნა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით. ტექსტი მოწონებულია მთავრობის მიერ, პრაქტიკულად ყველა ეთანხმებოდა ამ პროექტს და ახლა უკვე პარლამენტში მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენები, აზრთა გაცვლა და გარკვეული საკითხების დაზუსტება. ახლა უნდა დადგეს რეკომენდაციები, მოვისმინოთ რჩევები და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ვერ ვიხსენებ უფრო სათანამშრომლო ვითარებას ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიდრე დღეს გვაქვს. ჩვენ ვართ მუდმივ კონტაქტსა და კონსულტაციებში, არც ერთ საკითხზე ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს”, _ განაცხადა უსუფაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში”.
პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქთან შეხვედრასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უწმინდესს აბსოლუტურად სხვა თემაზე ესაუბრა.
“არც ერთი სიტყვა ამ საკითხზე არ ყოფილა. იყო სხვადასხვა დამოკიდებულება, თითქოს პატრიარქმა ეს ბრძანა და წელთაღრიცხვა შეიცვალა ქვეყანაში. მოვისმინე გასაოცარი მიდგომები ამ თემაზე. ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველო ყველასია – პოლიტიკოსის, ჟურნალისტის, რელიგიური მოღვაწის. პატრიარქი მიბრძანდება არჩევნებზე და ხმას აძლევს, იხდის მოქალაქეობრივ ვალს და ამიტომ მას აქვს სრული თავისუფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია. მისი მოსაზრების ჩარევად შეფასება გადაჭარბებულია. ჩარევა იქნება მაშინ, თუ ხელისუფლება ჩარევს ვინმეს თავის საქმეში. ჩარევა იქნება ის, პატრიარქმა კოდექსი ან თავზე გადაგვახიოს ან ვეტო დაადოს. პოზიციის გამოთქმა ჩარევა არ არის”, _ განაცხადა უსუფაშვილმა.