“ეს მდგომარეობა გადაწყვეტას მოითხოვს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, მივუთითოთ უკრაინელებს, რა გააკეთონ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვინმეს ვუთხრათ, რომ გადადგეს ან ვინმემ გადაიბაროს მთავრობა, ვინმემ რაიმე ნაბიჯი გადადგას. ეს ჩვენ არ გვეხება და მხოლოდ უკრაინელი ხალხის საქმეა. მეორე მხრივ კი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ მიმდინარეობს ევროპის დიდი გეოპოლიტიკური დრამა. ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბანდიტური მიტაცება უკრაინის. იპყრობენ დიდი ევროპულ ქვეყანას ყველაზე საზიზღარი მეთოდებით და ამას არა მხოლოდ უკრაინისთვის ექნება ცუდი შედეგი, არამედ – ევროპისთვის. ამიტომ აქ რაიმე საეჭვო არ შეიძლება იყოს, არის ძალიან დრამატული ვითარება ევროპისთვის”, _ აღნიშნა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, როდესაც პოლონეთის დეპუტატების დიდი ჯგუფი და სხვა პირები უკრაინაში ჩავიდნენ ევროპიდან, აცხადებდნენ, რომ ეს არის უკრაინის საქმეებში ჩარევა.
“სასაცილოა, როდესაც ამას ამბობს ვლადიმერ პუტინი. პუტინისთვის უკრაინა არის ტერიტორია, მან ნატო-ს სამიტზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, 2008 წელს ბუქარესტში პირველად თქვა, რომ უკრაინა არ არის ქვეყანა, ეს არის ტერიტორია. მას შემდეგ ამას იმეორებს ყველა შეხვედრაზე და არა მხოლოდ იმეორებს, ახორციელებს კიდეც. ახლა გაჩნდა ახალი რუკა, სადაც უკრაინა გახლეჩილია ორ ნაწილად – აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინად. ეს არის ბლეფი, რუსეთი ცდილობს თავზე მოახვიოს ეს ბლეფი დასავლეთს. თან ეს არის მზადება უკრაინის შემდგომი გახლეჩვისთვის. საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ტყუილად არაფერს ამბობს, თუ მუქარას აგზავნის, ახორციელებს კიდეც. ერთხელ მან მითხრა, თქვენი მეგობრები ევროპაში ბევრ კარგ რამეს გპირდებიან, მაგრამ ვერაფერს შეასრულებენ, მე კი, კარგს არაფერს გპირედებით, მაგრამ ყოველთვის ვასრულებ. ის ძალიან ბევრ ცუდ რამეს დაჰპირდა უკრაინას”, _ განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ ჩავიდა.