ნელსონ მანდელა დაიბადა 1918 წელს სამხრეთ აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით. 1943 წელს მან უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა, თუმცა, ბაკალავრის ხარისხი მხოლოდ 1989 წელს, საკუთარი განათლების ბოლო წლებში მიიღო. ის განსაკუთრებული მონდომებით სწავლობდა სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1944 წლიდან მანდელა გამოდიოდა ახალგაზრდულ ლიგაში, აფრიკულ ნაციონალურ კონგრესში, რომელიც ებრძოდა აპართეიდს (აპართეიდის ქვეშ რასები დანაწევრებული იყვნენ და შავკანიანებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება ე.წ “თეთრ” სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში),. 1953 წელს ნელსონს აუკრძალეს ხალხის თავშეყრის ადგილებში გამოსვლა, 1956 წელს კი ის დაადანაშაულეს სახელმწიფო ღალატში, მაგრამ შემდეგ გაამართლეს.
1960 წლისთვის, როდესაც მთავრობამ აკრძალა ახალგაზრდული ლიგა, მანდელა უკვე ამ ორგანიზაციის ლიდერი იყო. 1961 წელს მან ლიგა გადააქცია სამხედრო ძალად და დაიწყო აქტიური ქმედებები სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების წინააღმდეგ. სამი წლის შემდეგ ის დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1985 წელს მანდელამ უარყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის შემოთავაზება, რომ მას გაათავისუფლებდნენ, თუ ნელსონი სამუდამოდ დაანებებდა თავს პოლიტიკას. ხუთი წლის შემდეგ მაინც ის გაანთავისუფლეს.
1993 წელს მანდელას და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტს ფრედერიკ დე კლერკს მიანიჭეს ნობელის პრემიები აპართეიდის აღმოფხვრისთვის, 1994 წელს კი ნელსონ მანდელა სამხრეთ-აფრიკელებმა სრული უმრავლესობით ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს _ ის გახდა პირველი შავკანიანი პრეზიდენტი და სამხრეთ აფრიკას 1999 წლამდე მართავდა.
2013 წლის ზაფხულში, ნელსონ მანდელა საავადმყოფოში მოათავსეს ფილტვის ინფექციის დიაგნოზით. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და ექიმებს მოუწიათ მისი შეერთება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. სექტემბერში ის გამოწერეს საავადმყოფოდან და გადაიყვანეს სახლში მკურნალობის რეჟიმზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყველაზე პოპულარული ადამიანი, ეროვნული გმირი ნელსონ მანდელა პარასკევს, 6 დეკემბერს გარდაიცვალა.