ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კონკურსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მოქალაქის განცხადებაა შესული, რომლებსაც აინტერესებთ, რატომ გადაიდო კონკურსი. ამასთან დაკავშირებით კომენტარებს იურისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ.
“გურია ნიუსი” გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებს ესაუბრა, რომელთა მოსაზრებები იდენტურია და თანხმდებიან იმაზე, რომ კონკურსის ჩატარება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ დღეს პროფესიონალი კადრების დეფიციტია: _ კონკურსი ჯერ არ გადადებულა, მაგრამ ველოდებით, რომ უნდა გადაიდოს. გადაწყვეტილება არ არის მიღებული და კანონში ცვლილება არ არის შესული ამასთან დაკავშირებით, თუმცა, აუცილებელია გადადება. ძალიან დიდ სირთულეებთან გვაქვს საქმე. მართალია _ შტატები ყველგან გაბერილია, არა მარტო ოზურგეთში, აბსოლუტურად ყველა საჯარო სამსახურში, ყველა ა(ა)იპ-ში. ამის არაღიარება არ შეიძლება. ჩვენ ორი დღე ვიყავით ქობულეთში ტრენინგზე, სადაც გვითხრეს, რომ კონკურსებთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ იმსჯელეთ, რომელი განყოფილება გჭირდებათ, თქვენი შეხედულებისამებრ, რა არის პრიორიტეტულიო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულია 250-მდე ადამიანი. აქ იგულისხმება სოფლების ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებულებიც. ჩვენი შეხედულებით როგორ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ამ საქმეს 250 კი არა, გააკეთებს, ვთქვათ, 200 თანამშრომელიც, ანუ დანარჩენი უნდა შემცირდეს? კიდევ ერთი ფაქტორი _ თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტის თანახმად, ყველა 500 ამომრჩეველზე უნდა იყოს ერთი საშტატო ერთეული პლუს 30 კაცი, მაშინ გამოდის, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის 162 თანამშრომელი. ფაქტობრივად, 100-მდე საჯარო მოხელე უნდა შევამციროთ. თუ ასე ვერ გავაკეთე, მათ კონკურსი ჩავუტარე და მერე ვუთხარი, ზედმეტი ხართ და უნდა დატოვოთ სამსახური,-მეთქი, ხომ მომიბრუნდება ის თანამშრომელი და მეტყვის, რატომ ჩამიტარე მაშინ კონკურსი და რატომ ჩამაბარებინე ეს გამოცდაო?
_ ბატონო ავთანდილ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ ძალიან დიდი სურვილი გქონდათ, რომ კონკურსი არ ჩატარებულიყო. იქნებ, დაგვისახელოთ უფრო კონკრეტული მიზეზი, რატომ არ უნდა ჩატარდეს კონკურსი?
_ “ქორთიართ მარიოტში” ვიყავით 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეები და გამგებლები. მე ვიცი, როგორი იყო მათი განწყობა ამ საკითხის მიმართ. მოვითხოვე სიტყვა, სადაც ჩემს გამოსვლას სხვა საკრებულოს თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტების გამგებლები აპლოდისმენტებით შეხვდნენ და ტაშით შეეგებნენ.
_ რა განაცხადეთ?
_ მე განვაცხადე, რომ აუცილებელია კონკურსი ჩატარდეს და კონკურსის წესით უნდა შევარჩიოთ ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურებში თანამდებობებზე დასაქმდებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია,-მეთქი და დავასახელე შესაბამისი არგუმენტები.
_ დაგვისახელეთ ეს არგუმენტები…
_ ჯერ ერთი, დროა ძალიან ცოტა _ ერთ თვეში ამის გაკეთება არ შეიძლება. მეორე _ ახალი წელი მოდის, წარმოიდგინეთ, 250 თანამშრომელია, 250 ოჯახია და, საახალწლოდ დატოვო სამსახურის გარეშე. ცხადდება კონკურსი, შემოვა, დაახლოებით, 2500 განცხადება, ამათგან დაკმაყოფილდება _ 162. გრჩება ამდენი განაწყენებული ადამიანი. თან მაისში იგეგმება არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა სულ სხვა მოწყობით იქნება და, ფაქტობრივად, ეს კონკურსი კარგავს თავის აზრს. დღეს ისედაც პროფესიონალი კადრების დეფიციტია.
_ ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც დასაქმებულები არიან დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურებში, სხვა პროფესიონალები არ არსებობენ?
_ კი, არიან, როგორ არა. არ იფიქროთ, რომ იმათი ლობისტი ვარ, ვინც აქ მუშაობს.
_ ბატონო ავთანდილ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საჯარო მოხელეები კონკურსის გადადებას რესტორნებში აღნიშნავენ.
_ მე რატომ არ მიმიწვიეს, ნეტავ? ეს თემა ასე იოლად არ გადაიდება. ჩვენ კომისიას აუცილებლად შევქმნით, დავიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. არის მოსაზრება, რომ სამსახურის უფროსებმა (14 სამსახურის უფროსია) წინასწარ ჩაბარონ გამოცდები, რომ სერტიფიკატები აიღონ. ატესტაცია და სერტიფიცირება შეიძლება დაიწყოს.
ანტონ ხუნდაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: _ მე მაქვს ინფორმაცია, რომ კონკურსის ჩატარება უნდა გადაიდოს. ეს ჩემი სურვილზე არაა დამოკიდებული _ კანონი რასაც მოითხოვს, ისე უნდა გაკეთდეს. საჯარო სამსახურში თანამშრომელი კონკურსის წესით უნდა იქნეს მიღებული, კონკურსი აუცილებელია და უნდა ჩატარდეს ნებისმიერ სამსახურში. კონკურსის მიზანია, შეარჩიო უკეთესი კადრი, აქედან გამომდინარე, უკეთესი კადრის შერჩევას ვეთანხმები. ნაჩქარევი გაკეთებული კი არაფერი არ არის კარგი, რადგან ხარისხი არ იქნება.
ამირან გიგინეიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: _ ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაიდო. კონკურსის გადადება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ საქართველოში მიმდინარეობს თვითმმართველობის რეფორმა. დაწყებულია პროცესი და, აქედან გამომდინარე, ეს, პირველ რიგში, უნდა აისახოს კანონმდებლობაში. ამ ეტაპზე კონკურსი რომ გამოცხადდეს, ის უნდა ჩატარდეს ძველი კანონმდებლობით, რომელიც სამ თვეში აღარ იქნება და ადამიანებს, ფაქტობრივად, შრომის, მეცადინეობის წყალში გადაყრა მოუწევთ, რაც არ მიმაჩნია სწორად.
“ქართული პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა გორდელაძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ კონკურსის გადადება კიდევ უფრო მეტად გაზრდის საჯარო მოხელეების არაკომპეტენტურობას: _ მიმაჩნია, რომ კონკურსის გადადება ხელს შეუშლის თვითონ თვითმმართველობის განვითარებას და წარმოშობს ძალიან დიდ პრობლემებს, ვიდრე დღეს არის, თუნდაც, არამიზნობრივ შტატებთან, მათ შემცირებასა და კიდევ უფრო დახვეწასთან დაკავშირებით. კონკურსის გადადება გამოიწვევს იმას, რომ, როცა ჯერ რეალურად ცვლილება არ არსებობს, იანვრიდან ყველა თანამშრომელი ავტომატურად იქნება დათხოვილი.
იურისტი ია მემარნიშვილი: _ მე, როგორც იურისტმა, მინდა ვთქვა, რომ პარლამენტი თვითმმართველობის ახალი კოდექსის შესახებ მუშაობს და ეს გახლდათ მიზეზი, გადაეწიათ კონკურსის ჩატარების ვადა, თუმცა, ეს არ მიმაჩნია მყარ არგუმენტად. კონკურსი უნდა ჩატარებულიყო იმ საკანონმდებლო ბაზების გამოყენებით, რაც არსებობდა დღეის მდგომარეობით და ის, რომ პარლამენტი მუშაობს და კვლავაც იმუშავებს ახალი კანონზე თუ კანონში შესატან ცვლილებებზე, არანაირად არ უშლიდა ხელს კონკურსის მომზადებასა და ჩატარებას. მართალია, სამსახურიდან დათხოვნა პირების, რომლებსაც წლების განმავლობაში უმუშავიათ, არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ როცა 6-7 წელი მუშაობ ერთ თანამდებობაზე, ვალდებული ხარ აკმაყოფილებდე შესაბამის კრიტერიუმებს, იცოდე ის, რისი ცოდნაც აუცილებელია შენი თანამდებობისთვის. მოკლედ, ის არგუმენტები, რასაც ყოველდღე ვისმენთ ამ საკითხთან მიმართებაში, არ მიმაჩნია რეალურად. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა იმალება ამ ყველაფრის მიღმა. ფაქტი კი ფაქტად რჩება _ ღირსეულ ადამიანებს კიდევ დიდხანს მოუწევთ ლოდინი.