ხუხაშვილის განცხადებით, მას არანაირი გარიგება არ ჰქონია ჩხატარაშვილთან და მეტიც, თვითონ არის მისი მსხვერპლი.
“მე ვმუშაობდი წინა რეჟიმის ანატომიაზე და შეხვედრა ჩხატარაშვილთან მქონდა, მაგრამ უარვყოფ მასთან ყოველგვარ გარიგებას და შეთანხმებას, მე თავად ვიყავი მისი დანაშაულებრივი მოღვაწეობის მსხვერპლი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ისეთი გარემოა შექმნილი, რომ შეიძლება უკვე პოლიტიკურ ვერდიქტზე ვისაუბროთ. ჩხატარაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და ისჯება, მაგრამ მთავარია ის სისტემა იქნეს დასჯილი, რომელიც იყო დამკვეთი. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. როგორ ფიქრობთ, ადეიშვილი სააკაშვილის გარეშე დაუკვეთავდა? უნდა დაისაჯოს როგორც დამკვეთი, ისე დანაშაულის შემფუთავი. მაშინდელი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა სასამართლოში მეგობრის მხარდასაჭერად იყო მისული. ჩვენ გვახსოვს მისი ბრიფინგებიც. ის, როგორც მთავარი პროკურორი მუდმივად იყო ჩართული დანაშაულებრივი სისტემის დანაშაულებრივი ქმედების აღსრულებაში. ავიწყდება, რომ ზოდელავაც იგივე ქაქში ზის, რაშიც ადეიშვილი და ჩხატარაშვილი.”
ხვალ პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის განხილვას იწყებს. გია ხუხაშვილი ამ საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავარია დიალოგი, დრამატიზირების მოხსნა და შეიძლება შეთანხმება მიღწეული იქნას.
“საქმე გვაქვს ორ მონოლოგთან, მხარეები არ არიან განწყობილნი ერთმანეთის მოსასმენად. მთავარია მოვხსნათ დრამატიზირება და კონსესუსის გამონახვა ადვილი იქნება. თუ არსებობს რაღაც რისკები, დისკუსიის და განხილვის შედეგად ამის გამოსწორება შესაძლებელი იქნება”.
ხუხაშვილმა საუბრის დასასრულს აღნიშნა, რომ მომავალ წელს იქნება სერიოზული ძვრები ეკონომიკის სფეროში, რადგან მოსამზადებელი პერიოდი დამთავრდა და ახლა მთავარია თანაინვესტირების ფონდი გახდეს ინვესტირების გარანტი.