საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, და სჯერა, რომ, არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოც და უკრაინაც ღირსეულ ადგილს დაიკავებენ საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობაში.
საქართველოს პარლამენტი მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობისა და დემოკრატიული სამყაროს ძალისხმევას “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ქვეყნების მხარდასაჭერად და მათი სუვერენიტეტის დასაცავად და აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ ხელყოფს, და რომ არც რუსეთის ფედერაციას და არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს არ აქვს აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება.
საქართველოს პარლამენტი ასევე მიესალმება ევროკავშირისა და უკრაინის ძალისხმევას მხარეებს შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებისა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების დროულად გადაჭრის მიზნით და სჯერა, რომ უკრაინის პოლიტიკური ლიდერები იპოვიან ღირსეულ, მშვიდობიან და ხალხისთვის სასარგებლო გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან.