მათი განცხადებით, ჯაჭვლიანის ქცევა და განცხადება, გარდა კოლეგის შეურაცხყოფისა, კუთხური შუღლის გაღვივებას, მუქარას და კრიმინლაური სამყაროს პოზიციების დაცვას მიანიშნებდა. უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რადგან საქართველო ამ ეტაპზე ევროპასთან ინტეგრაციის გადამწყვეტ ფაზაში იმყოფება.
“თავად ფორმა ჯაჭვლიანის განცხადებისა იყო შემაშფოთებელი, რამდენიმე მიმართულებით. პირველი არის ის რომ, ეს განცხადება მთლიანად მიმართული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. პირდაპირ იყო საუბარი კრიმინალური ავტორიტეტების პოზიციიდან, ბანდის პოზიციიდან და მუქარა არამხოლოდ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, არამედ ოპოზიციის მიმართ მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში მართლაც მოხდა, საქართველოს გაწმენდა კრიმინალებისაგან და კრიმინალური პოზიციიდან როცა საუბრობს მმართველი პოლიტიკური ძალა ეს არის შემაშფოთებელი,” _ განაცხადა სერგო რატიანმა.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვაში, ასევე აღნიშნულია ჯაჭვლიანის მიერ კრიმინალური ავტორიტეტების სახელით საუბარზეც.
სერგო რატიანის განცხადებით, ამ შემთხვევაში, დეპუტატი ღიად იცავდა კრიმინალური ავტორიტეტების პოზიციას და მეტიც – ის მათი სახელით საუბრობდა.
“ჯაჭვლიანის გამოსვლაში იყო კუთხური შუღლის გაღვივების პირდაპირი მცდელობა და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს: სახელმწიფო ლეგიტიმურ ბრძოლას აწარმოებს კრიმინალთან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და იაფფასიანი კუთხური მოტივებით სპეკულაცია, გარდა სრულიად უღირსი საქციელისა, საზიანოა ქვეყნისთვის,” _ აღნიშნულია განცხადებაში.
უმცირესობა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს მსგავს განცხადებებს, რათა ამით არ მოხდეს რელიგიური, ეთნიკური და კუთხური დაპირისპირება.