როგორც ამბობს, წინ ბევრი საქმე აქვს, პირველ რიგში, კი მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესწავლა.
ჩხაიძის კანდიდატურა გურულებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა _ ლანჩხუთელ ბიზნესმენს ბევრი არ იცნობს. შესაბამისად, მისი საქმიანობის ბევრი დეტალიც უცნობია. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გუბერნატორი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიის, “სოციალ-დემოკრატების” კანდიდატია.
გიორგი ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას “სოციალ-დემოკრატებთან” ახლო ურთიერთობას ადასტურებს.
_ ბატონო გიორგი, როგორც გვითხრეს, თქვენ გია ჟორჟოლიანის, ანუ “სოციალ- დემოკრატების” კადრი ხართ…
_ “სოციალ-დემოკრატების” კადრი და პარტიის წევრი არ ვარ. უბრალოდ, ვმეგობრობ და მანამდე, სანამ დავინიშნებოდი, როგორც ბიზნესმენი, გვერდზე ვედექი და მხარს ვუჭერდი “სოციალ-დემოკრატებს”.
_ აფინანსებდით?
_ ოფიციალურად არანაირი შენაწირი “სოციალ-დემოკრატებში” არ მაქვს.
_ მხოლოდ მეგობრული მხარდაჭერა იყო?
_ კი, მეგობრული და როგორც ლანჩხუთელი ადამიანი, მხარდაჭერას ვუცხადებდი “სოციალ-დემოკრატებს” და კოალიციას. ფინანსური მხარდაჭერა, როგორც ასეთი, არ გამიწევია.
_ ჩვენ ვიცით თქვენი ოჯახის ბიზნესის შესახებ _ მამათქვენი წლების მანძილზე ენერგო სისტემაში მუშაობდა და სერიოზული გავლენა და ფინანსებიც ჰქონდა. გვითხრეს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩამოგართვეს საკმაოდ დიდი ქონება, რამაც მამათქვენის ჯანმრთელობაც შეიწირა…
_ მამაჩემი ავად გახდა 2002 წელს _ სანამ სააკაშვილი მოვიდოდა. ტყუილს ვერ ვიტყვი.
_ რაც შეეხება ბიზნესის წართმევას?
_ მასეთ პრეცედენტებს ადგილი ჰქონდა, ოღონდ უკვე ჩემს პერიოდში. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და ამაზე გპირდებით, რომ ექსკლუზიურად მხოლოდ “გურია ნიუსთან” ვისაუბრებ. ამ თემას არ გავექცევი.
_ ბატონო გიორგი, აპირებთ თუ არა გამგებლების შეცვლას?
_ არ ჩამოვსულვარ, არ ვიცნობ გამგებლებს, არ ვიცი, რა ხდება და როგორც ასეთი, ჩემი კადრი არ მყავს. ჩამოვალ, გავეცნობი სიტუაციას და თუ საჭიროება იქნება ამისი, გადავწყვეტ. ძირითადად ამის საჭიროებას განსაზღვრავს მოსახლეობა _ რამდენად კმაყოფილია ხალხი გამგებლების მუშაობით; ტელევიზია, პრესა და აქედან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას.
_ “გურია ნიუსს” ცოტა ხნის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გამგებლების შეცვლა კარგა ხანია გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრმა, რადგან, როგორც ჩვენი ოფიციალური წყაროები ამტკიცებენ, ბევრი უკმაყოფილება ისმის სამივე მუნიციპალიტეტის გამგებლის მისამართით…
_ თუ მოსახლეობა გამგებლის მუშაობით უკმაყოფილოა, პირველ რიგში სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობის განწყობა გაიზიაროს და მოიქცეს ისე, როგორც მოსახლეობა თვლის, რომ მისთვის უკეთესია.