ეს ცვლილება საქართველოს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონში 2014 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში.
ცვლილების თანახმად, ფულადი დახმარება დაენიშნებათ ასევე, საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარებაზე განმარტებები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ გააკეთეს.
მათ დააკონკრეტეს გარდაცვლილი სამხედროს ოჯახის თუ რომელ წევრებზე ვრცელდება კანონში შეტანილი ცვლილება. კომპენსაცია, პროპორციული განაწილების წესით, გარდაცვლილის ოჯახის შემდეგ წევრებს დაენიშნებათ: მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები.
მოქალაქეებმა, რომლებიც აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნებიან, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებით უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს და შესაბამისი დოკუმენტები წარადგინონ.