“ქართული ღვინის” ასოციაციამ შალვა ხეცურიანს “ქართული ღვინის საპატიო ელჩის” წოდება მიანიჭა.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალსა და „ქართული ღვინის საპატიო ელჩის“ წარდგენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი დაესწრო.
_ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო მხარს დაუჭერს ყველა წამოწყებას, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ქართული ღვინის საპატიო ელჩს საპასუხისმგებლო მისია ექნება – ღირსეულად წარადგინოს ქართული ღვინო ქვეყნის გარეთ და იზრუნოს ადგილობრივი ღვინის ცნობადობის ამაღლებაზე, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია “ქართული ღვინის” ერთობლივი სტრატეგიის შესაბამისად, “ქართული ღვინის საპატიო ელჩის” საქმიანობის ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის, როგორც ერთიანი ბრენდის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საპატიო ელჩი ჩართული იქნება ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის შესახებ სომელიეთა ეროვნული ასოციაციებისთვის, ღვინის სკოლებისთვის, ტურისტულ კომპანიებისთვის, ღვინის კრიტიკოსებსა და მწერლებისთვის, ასევე საერთაშორისო მედიისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების პროცესში. რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებში, ელჩის ძირითადი ფუნქცია მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის განათლების დონის ამაღალების ხელშეწყობა იქნება.