“ჩემო ძვირფასებო, მინდა, სულითა და გულით მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. მაცხოვრის შობის ყოველწლიური აღნიშვნით მუდმივად ვცდილობთ, დავუბრუნდეთ სიწმინდის საწყისს საკუთარ თავში, ვიპოვოთ ძალა და ენერგია სიყვარულისა და შენდობისთვის, სიკეთისა და თავმდაბლობისთვის. ამ საწყისს მუდმივად ებრძვის სისუსტე ჩვენი ბუნებისა, მაგრამ სწორედ კვლავ დაბრუნებით ვიმარჯვებთ შურზე, გაუტანლობაზე, ამპარტავნებაზე, ცრურწმენებსა და სიძულვილზე.
დაე, წელსაც იზეიმოს მაცხოვარმა ჩვენს გულებში, თან ისე ძლიერად, რომ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და აყვავება;
დაე, ჩვენი განახლებული და განმტკიცებული რწმენა დაედოს საფუძვლად უფრო ძლიერი, შემწყნარებლური და მოსიყვარულე ქვეყნის შენებას, ჩვენი სამშობლოს – საქართველოს გაბრწყინებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. უფალი გფარავდეთ”, _ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.