“ამ ღონისძიების მიზანია ძველი გურული საახალწლო ტრადიციების აღდგენა, უკეთ გაცნობა და დამკვიდრება. დღეს, აქ, რადიანის სახელობის სახლ-მუზეუმში, კალანდობა ტრადიციული რიტუალი წესის დაცვით შესრულდება. წამყვანები, ჟურნალისტი და ისტორიკოსი რუსლან ურუშაძე და ოზურგეთის მუზეუმის დირექტორი გოგა ტრაპაიძე ზეიმს ტრადიციული “აგუნას” გადაძახილით გახსნიან. ნებისმიერ გურულ სტუმარს მიესალმება სახელმწიფო ანსამბლი „შვიდკაცა“, ქორეოგრაფიული ანსამბლი “ფუნდუკი” და “იადონი”, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძემ.
მან არ დაადასტურა ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გურულ კალანდობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრებოდა:
“პრემიერ -მინისტრს არ ველოდებით, ისე კი იქნებოდა სასურველი სტუმარი. ზოგადად, დღეს ყველა სტუმარი სასურველი და პატივსაცემია. ვეცდებით, ამ რიტუალის ტრადიციული სახე მთელი სისრულით წარმოჩნდეს”, _ გვითხრა ავთანდილ სურგულაძემ.
კალანდობა ლათინური სიტყვაა, რაც ქართულად ახალ წელიწადს ნიშნავს, _ გვეუბნება სულხან-საბა. გურიაში კალანდა სიმღერითა და ჩიჩილაკით (ქართული ნაძვის ხით) შემოდის. ძველი ტრადიციის თანახმად ოჯახის თავკაცი სახლში ჩიჩილაკით შემობრძანდებოდა, იკვლებოდა საკალანდოდ საგანგებოდ გასუქებული ღორი, ქათმები, ინდაური, ცხვებოდა ხაჭაპურები და ტკბილი ნაზუქები, ჰაერში ადესის მათრობელა სუნი იგრძნობოდა, გიზგიზებდა ბუხარი, იწყობოდა ტაბლა და საქეიფოდ ემზადებოდა ოჯახის უფროსი. 12 საათის შემდეგ კი გავარდებოდა ფიშტო, იტყოდნენ კრიმანჭულს და აიწეოდა პირველი ჭიქა გურულის ოჯახში..