ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ყოფილ პატიმარს პირდაპირ ეთერში ესაუბრა. როგორც ჯოლოხავა აცხადებს, ტელევიზიით გავრცელებული და “რადიო პალიტრით” გაჟღერებული ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა მისულიყო “ობიექტივში” და რეალური ინფორმაცია გაევრცელებინა.
“ჩემზე ზეწოლას “ახალაიას ხალხი” ახორციელებდა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილი და ძმიშვილი ცოცხლები აღარ მეყოლებოდა, თუკი მათ სასარგებლოდ ჩვენებას არ მივცემდი. ეს იყო გიგი კალანდაძე და ვიღაც რუსლანი, რომელიც მე პირადად შემხვდა. დავთანხმდი, მხოლოდ იმ პირობით, თუკი ჩემი ოჯახის წევრებს საფრთხეს არ შეუქმნიდნენ. ის ვიდეო, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა უშუალოდ ანი ნადარეიშვილმა ჩაიწერა, კითხვებს გოგა ონიანი მისვამდა. არანაირ ფულზე და ანაზღაურებაზე საუბარი არ ყოფილა, იყო ერთადერთი ზეწოლა. მათ მითხრეს, რომ ამ ხელისუფლებაში ისევ ბევრი ხალხი ჰყავთ, კიდევ შეეძლოთ ბევრი საქმის გაკეთება, მანახეს ჩემი სატელეფონო საუბრები ფურცელზე ამოწერილი და სწორედ ამიტომ დავთანხმდი. მათ წინასწარ მითხრეს, როგორ უნდა მეპასუხა, რა უნდა მეთქვა. ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ კი ბილეთი ამიღეს და ოდესაში გამიშვეს. იქ მიქირავეს ბინა და ყოველ კვირაში ფულს მაწვდიდნენ, ჩემი პასპორტი კი მათ ჰქონდათ. საქართველოში აგვისტოში დავბრუნდი, მას შემდეგ როდესაც დავარწმუნე, რომ მათ საწინააღმდეგოდ ჩვენებას არ მივცემდი”, _ განაცხადა ჯოლოხავამ.
ამ ინტერვიუს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, რომელმაც “ფეისბუქით” მისი, გოგა ონიანისა და გიორგი კალანდაძის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გოდერძი ჯოლოხავას პირდაპირ ეთერში საჯარო გამოკითხვა მოითხოვა.
“ობიექტივის ტელეეთერით ყოფილმა პატიმარმა გოდერძი ჯოლოხავამ განაცხადა, რომ ჩვენ მას დავემუქრეთ შვილის და ძმიშვილების მოკვლით და ვაიძულეთ იმ ინტერვიუს ჩაწერა, რომელიც გუშინ გავავრცელეთ. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე და საჯაროდ ვითხოვთ, ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერი ტელეეთერის მეშვეობით, გარდა ობიექტივის ტელევიზიისა, პირდაპირ ეთერში გამოვკითხოთ გოდერძი ჯოლოხავა, სადაც ჩვენ საზოგადოებას დავუმტკიცებთ ჩვენს სიმართლეს. ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე და ასევე საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ სასამართლოში შევიტანთ სარჩელს ცილისწამებაზე ჯოლოხავას და ინაშვილის მიმართ!”, _ ნათქვამია განცხადებაში.