(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთში ერთი ტომარა აზოტოვანი სასუქი რომ უკვე 48 ლარი ღირს, აღარავის უკვირს. გასაკვირი ისაა, რომ მიუხედავად ზოგი გამყიდველის მტკიცებისა, ტომარაში ზუსტად 50 კილოგრამი სასუქია მოთავსებულიო, მომხმარებელთა თხოვნით და მათივე თანდასწრებით აწონილი 5 ტომარა აზოტოვანი სასუქის წონა, შესაბამისად ასეთი აღმოჩნდა: 47 კგ, 47 კგ და 300 გრამი, 47 კგ და 500 გრამი, 47 კგ და 100 გრამი, 47 კგ და 600 გრამი. თითოეულ ტომარას, სულ ცოტა, 2 კგ აკლია, 50-კილოგრამიანი ტომარა საერთოდ ვერ ვნახეთ!
_ ჩვენ რა ვქნათ? ასე ვიბარებთ! წადით და რუსთავის ქარხანას ჰკითხეთ, _ გვითხრეს სასუქის გამყიდველებმა.
“გურია ნიუსი” შეეცადა, ტომარაზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაერეკა, თუმცა, უშედეგოდ _ აზოტოვანი სასუქის “უფროსი” მომსახურების ზონიდან გასული აღმოჩნდა.