Express News-ის ჟურნალისტის კითხვა პრემიერ-მინისტრის ბრიფინგზე: “ბატონო ირაკლი: 2013 წლის 16 სექტემბრის # 210-ე დადგენილების თანახმად, იმ ადამიანებს და მათ შორის ომის ვეტერანებსაც, რომლებიც დასაქმებულები არიან, შეუწყდათ სოციალური პაკეტი 22 ლარის ოდენობით. ამავე დადგენილების საფუძველზე, მათ მთავრობა თხოვთ, რომ დარიგებული თანხები დააბრუნონ უკან. ამისათვის მათ დრო ჰქონდათ მიცემული 15-იანვრამდე. მაინტერესებს, რამდენად კანონიერია მთავრობის მოთხოვნა თანხების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით და ცოტა უხერხული ხომ არ არის ამ მოთხოვნის წაყენება?”
ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი:
“სახელმწიფო პენსიის შესახებ” და “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონები, რომლებიც ძალაშია 2006 წლის 1 იანვრიდან, ითვალისწინებდა და ახლაც ითვალისწინებს სახელმწიფო გასაცემლების შეწყვეტას პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში და ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის უკან დაბრუნებას. ანალოგიური შეზღუდვა არის სხვა სახელმწიფო გასაცემლებზე მაგ: “სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით და “სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით (3.06.2009 N 117 ცვლილებით).
2013 წლის 1 სექტემბრამდე (პენსიებისთვის და კომპენსაციებისთვის – 2013 წლის 1 დეკემბრამდე) მხოლოდ ბენეფიციარი იყო ვალდებული სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ეცნობებინა სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის საფუძვლის (საჯარო საქმიანობის განხორციელება) წარმოშობის შესახებ ამ საფუძვლის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საჯარო საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას ბენეფიციარი არ აწვდიდა სააგენტოს, შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტა ხორციელდებოდა დაგვიანებით და იწყებოდა ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების ბენეფიციარისთვის მტკივნეული პროცესი (ან შეწყვეტა ვერ ხდებოდა საერთოდ და წლების განმავლობაში ხორციელდებოდა უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლების ლეგალიზაცია).
2013 წლის 1 სექტემბრიდან (პენსიებისთვის და კომპენსაციებისთვის – 2013 წლის 1 დეკემბრიდან) შეიცვალა შესაბამისი ჩანაწერი და პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებაზე ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან (შეთანხმებული ფორმატით). ამასთან, მანამდე პერიოდზე პირის მიერ ზედმეტად/უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლები დაექვემდებარა ლეგალიზაციას, ანუ უკან არ უნდა დაბრუნდეს.”