(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 29 ივლისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ამავე სოფლის ხელმძღვანელობის, სკოლის პედკოლექტივის და მშობლების ინიციატივით შეკრება გაიმართა, სადაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კორნელი კუკულავა და საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე ზაურ ოსეფაიშვილი მიიწვიეს. როგორც გვითხრეს, შეკრების მიზეზი გუთურის საჯარო სკოლის შესაძლო დახურვა იყო. ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მზია სიხარულიძის განცხადებით, პირველი საჯარო სკოლის და სამრევლო სკოლის წარმომადგენლები, გუთურის სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან დადიან და ბავშვების მათ სკოლაში გადმოყვანას სთხოვენ, რაც შესაძლოა სოფლის სკოლის დახურვის მიზეზი გახდეს. აღსანიშნავია, რომ გუთურის საჯარო სკოლის ორი მასწავლებელს, მათ შორის თავად მზია სიხარულიძეს, შვილი, ორი წელია სამრევლო სკოლაში ჰყავს, რაც სოფლის შეკრებაზე ითქვა კიდეც.
სიხარულიძე გამორიცხავს, რომ მშობლების მიერ სკოლიდან ბავშვების წაყვანის მიზეზი დაბალი აკადემიური დონეა, რომლის შესახებაც განათლების და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმაც აღნიშნა და ამბობს, რომ არავინ ინტერესდება იმ მიზეზებით, თუ რატომ ვერ ჩააბარა გუთურის საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ საატესტატო გამოცდები. მისივე თქმით, სკოლის დირექტორზე “ჯოხი” ტყუილად გადატეხეს.
იმის შესახებ, ემუქრება თუ არა გუთურის სკოლას დახურვა, რა კომენტარს აკეთებენ ამ თემაზე სამრევლოს და პირველი საჯარო სკოლის წარმომადგენლები და რეალურად რა გახდა პედაგოგიური კოლექტივების დაპირისპირების მიზეზი, მალე წაიკითხავთ.