“საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მთავარ პროკურორად დანიშნული ბ-ნ გიორგი ბადაშვილის ბიოგრაფია. მასში აღნიშნულია, რომ ბ-ნი გიორგი ბადაშვილი 2013 წლის მაისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მივიღეთ 2013 წლის 31 ოქტომბრს გამოცემული წერილი “n” 60953/11 საქმეზე გადაწყვეტილების შესახებ, სადაც ამავე სასამართლოს სახელით ხელს აწერს სასამართლოს იურისტი რეფერენტი ბ-ნი გიორგი ბადაშვილი.
აქსიომურია, რომ გიორგი ბადაშვილი 2013 წლის ოქტომბრის თვეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი-რეფერენტის და შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგლის თანამდებობებზე ერთდროულად ვერ იქნებოდა, რამეთუ “აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ” პრინციპი ევროსასამართლოსათვის უცხოა.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბ-ნი გიორგი ბადაშვილი ნამდვილად იყო იურისტი რეფერენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაშინ გაყალბებულია მისი ბიოგრაფია. თუ არ იყო იურისტი რეფერენტი – მას ევროპული სასამართლოს სახელით სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ან კორესპოდენციებზე ხელმოწერის უფლება არ ჰქონდა და შესაძლებელია საქმე გვაქვს უარესთან, კერძოდ, ხელისუფლების მიერ ჩადენილ სიყალბესთან ან ევროსასამართლოში კორუფციის შეტანასთან, მოსარჩელეებისათვის/დაზარალებულებისათვის რეაბილიტაციის, რესტიტუციის ან კომპენსაციის უფლების ხელოვნურად აღკვეთის მიზნით იმ საქმეებზე, რომელთა გამოთხოვაზე იუსტიციის მინისტრმა ევროსასამართლოს მიმართა მოსარჩელეებთან მორიგების აბსურდული მოტივით”, _ აღნიშნული განცხადებას ფოთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული და სამართლიანი საქართველო ” ავრცელებს.
“გურია ნიუსი” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა. თემურ დოლიძე ფიქრობს, რომ ადგილი აქვს ან გვარ-სახელის უბრალო დამთხვევას ან შეგნებულ ცილისწამებას .
“თქვენ მარინა ფერაძის შესახებ თუ გსმენიათ რამე? ორი მარინაა, ორი ფერაძე. შეიძლება ეგ თემაა შემოგდებული, ან თუ მართლაც იყო ვინმე გიორგი ბადაშვილი, რომელიც მართლაც მუშაობდა სტრასბურგის სასამართლოში, მაშინ სხვა გიორგი ბადაშვილია. თუ ეს არ არის ვიღაცის მიერ დამზადებული საბუთი, რომელიც ასევევ გაურკვეველ საიტზე დევს, ხვდებით ხომ ამას რა სუნიც უდის, მოკლედ ეს სხვა გიორგი ბადაშვილია”, _ ამბობს დოლიძე.