17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით “შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოება თავის მრევლთან ერთად დაესწრება თბილისში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ ჩატარებულ წირვა-ლოცვას“, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ შემოქმედის ეპარქიაში უთხრეს.
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს, 17 მაისს, წელს ამაღლების დღესასწაულიც ემთხვევა. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საპატრიარქოში პრესკონფერენცია გაიმართა.
უკვე მეხუთე წელია საქართველოს ეკლესია ერთკვირიანი მსვლელობით აღნიშნავს საქართველოში წმინდა ანდრეა მოციქულის და აწყურის ხატის შემობრძანებას. ხატით მოგზაურობა იწყება 10 მაისს და მთავრდება 17 მაისს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. წლევანდელი მსვლელობა განსაკუთრებულია იმითაც, რომ ეს თარიღი დაემთხვა ამაღლების წმინდა დღესასწაულს. ამიტომაც ხალხი წირვის შემდეგ 12-ის ნახევარზე შეიკრიბება ვარდების მოედანზე, სასტუმრო რედისონის მიმდებარედ. ვარდების მოედნიდან ხატს მიაბრძანებენ ფილარმონიასთან, სადაც დაილოცება გვარები. მრევლი, რომელსაც მამა გიორგი ყიფშიძე ჩაუდგება სათავეში მსვლელობას დაიწყებს რუსთაველის გამზირის გავლით, რასაც ქაშვეთის ეკლესიასთან წირვაზე მისული ხალხი შეუერთდება. გარდა ამისა, ქაშვეთის ეკლესიასთან დაილოცება 300-მდე ოჯახი, რომელთაც 6 შვილი ჰყავთ. მსვლელობა დასრულდება უკვე სამების საკათედრო ტაძარში, ყველა მონაწილეს დაურიგდებათ ოჯახის დალოცვის ფურცლები უწმინდესის კურთხევით და ლოცვით. ასევე დაგეგმილია სამებაში ძველი, ტრადიციული ოჯახების ფოტოგამოფენა, რომელიც გაალამაზებს ამ ღონისძიებას. ამ დღეს სხვადასხვა ადგილზე 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს. ეს ის ოჯახებია, რომლებიც კარგა ხანია შეიქმნა მაგრამ დღემდე არ ჰქონდათ ჯვარი დაწერილი. სამების საკათედრო ტაძარში მათი რიცხვი სავარაუდოდ 40-ზე მეტი იქნება. საღამოს 20 საათზე, რუსთაველის თეატრში ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება“, _აცხადებენ საპატრიარქოში და აღნიშნავენ, რომ მსვლელობა მშვიდობიანია და აგრესიის გამოვლენის ან პროვოკაციის მცდელობა სახელმწიფო სტრუქტურებმა დროულად აღკვეთონ.