ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ხარაგაულში სარკინიგზო ქსელის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს.
ვიდეოში, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ამბობს, რომ სარკინიგზო ქსელის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში გვირაბების სარკინიგზო ქსელი კეთდება და სამუშაოს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე“ ბიურო აწარმოებს. ეს ბიურო შემოიყვანა ივანიშვილი-ბახტაძის დაჯგუფებამ, თითქოს აქ არ იყვნენ გვირაბთ მშენებლები და მეტრო ქართველებს არ აუშენებიათ.
ქვემო ქართლში იმ გლობალური ნგრევის შემდეგ, რაც ივანიშვილის ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ „არემჯი გოლდმა“ და „არემჯი კოპერმა“ ჩაიდინეს, მათ მართლა აქვთ გადაწყვეტილი ნგრევის, ბუნების განადგურების, სოფლების დაცლის ხარჯზე მილიარდები და ტრილიონები იშოვნონ“, _ ამბობს ნათელაშვილი და აღნიშნავს, რომ გვირაბების მშენებლობა ტექნიკის გამოყენების ნაცვლად აფეთქებებით მიმდინარეობს, რაც სახლების ნგრევას იწვევს.
„თანამედროვე 21-ე საუკუნეში გვირაბები კეთდება სპეციალური აპარატებით. აპარატი თხრის მთას, აცემენტებს, ამაგრებს და ასრულებს მთელ ტექნოლოგიურ პროცესს. ამ ბატონებს კი გვირაბები აფეთქებების გზით გაჰყავთ. აფეთქებების შედეგად კი ბეჟათუბანში სახლებია უკვე დანგრეული, ხოლო ამ მონაკვეთზე გვირაბი არის ჩანგრეული. ყველაფერი არის ტექნოლოგიური წესების დაცვის ფეხებზე დაკიდებით გაკეთებული. ამ აფეთქებების შედეგად გვირაბის კედელსა და დედამიწას შორის ჩნდება საჰაერო ორმოები. ეს ორმო ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოიქცევა, ჩატეხავს გვირაბს და იმ მომენტში გავლილ მატარებელს რა დაემართება ხომ წარმოგიდგენიათ. აფეთქებით გვირაბის გაყვანა ეს არის ომის გამოცხადება ქვეყნისთვის. ფაქტობრივად, აქ ომია“, _ ამბობს ნათელაშვილი.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ტერიტორია, სადაც გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს, სათანადოდ არ არის შემოსაზღვრული, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლების სიცოცხლისთვის სახიფათოა.
„გაუბიათ წითელი ლენტები, მაგრამ ნასვამი კაცი ვერ მიხვდება და გავლის შემთხვევაში, ჩავარდება, ძროხა ხომ საერთოდ გაარღვევს ამ წითელ ამკრძალავ ლენტს“,_ამბობს ნათელაშვილი.
მისივე თქმით, მოსახლეობისთვის საფრთხეს გვირაბის გასაყვანად მიმდინარე სამუშაოებიდან გამოტანილი მასალაც წარმოადგენს, რასაც მუშები მდინარეში ყრიან.
„ფიჭვნარის წყალი გუბდება. ხეობა ამოვსებულია მუშების მიერ გამოტანილი გრუნტით, იკეტება და იქმნება დიდი ღვარცოფის საშიშროება. მდინარე გააკეთებს კაშხალს და ეს კაშხალი გადანგრევის შემთხვევაში წაიღებს ზესტაფონს, დაბლობ იმერეთს, კოლხეთის დაბლობს და ჩაიტანს შავ ზღვაში. სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა. მომავალი ტექნოგენური კატასტროფების გამომწვევი. ჩინური კომპანია აკეთებს ეკოლოგიურ ატომურ ბომბს. მთის მდინარე გუბდება უზარმაზარ მთებს შორის. ეს ბომბზე უარესია. ბომბს შეიძლება ადამიანი გადაურჩეს, მაგრამ აქედან გადახეთქილ ოკეანეს წინ ვერაფერი დაუდგება. მთელი ხეობა არის ეკოლოგიური გენოციდის არეალი ჩუმათელეთიდან, აი, ამ 30-კილომეტრიან მონაკვეთზე. მინერალური წყალი ზვარე, რომელიც აქ მოიპოვებოდა, განადგურებულია. განადგურებულია ახალგაზრდული ბანაკი ზევით. მეწყერია დაძრული და ნუნისიც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორც უნიკალური საკურორტო ადგილი. ეს სამუშაოები დაუყონებლივ უნდა გაჩერდეს, ეს არის ერის განზრახ მკვლელობა მოფიქრებული ივანიშვილ-ბახტაძის დაჯგუფების მიერ, რომლებმაც მოინდომეს შავი ფულის გათეთრება აზიის განვითარების ბაკისა და ჩინური კომპანიის მეშვეობით საქართველოს ნგრევის ხარჯზე. რასაც აკეთებენ ალგეთში და ქვემო ქართლში არანაკლები უბედურებაა აქ“,_ამბობს ნათელაშვილი.
მისი თქმით, მგზავრობის 40 წუთით შემცირება არ ღირდა იმ საფრთხედ, რაც მოსახლეობისა და გარემოს წინაშე წარმოიშვა და სისხლის სამართლის საქმეა აღსაძვრელი.
„ამ მილიონების დახარჯვას დასაბუთება ჰქონდა, ის რომ ბათუმამდე 40 წუთით შემცირდებოდა გზა. 40 წუთის გამო ამხელა ნგრევა რამდენად ოპტიმალური იყო. თუ აკეთებ ისე გააკეთე რომ მთები და სოფლები არ ჩაიქცეს. აქ მეწყერი დაწყებულია და მთა შეიძლება ნებისმიერ წამს წავიდეს დაბლა. ეს ტერიტორია სასწრაფოდ დასალუქია, ჩამოსასვლელია ექსპერტიზა, აღსაძვრელია სისხლის სამართლის საქმე და დასაჭერია ის პირები, ვინც ამხელა, რამ დაუშვა. დასაჭერია ბახტაძეც, არაფერს ვამბობ ივანიშვილზეც. კარგა ხანია მაგ ადგილის კანდიდატია. მოვითხოვ ამ მშენებლობის შეჩერებას საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარებას, დამნაშავე პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას“, _ამბობს ნათელაშვილი.
































































