ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში 4 აგვისტოს, დილის საათებში აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით ქრთამის აღება და 180 000 ლარის მითვისებაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. ქრთამის მიღების სანაცვლოდ, როგორც ამას დასუფთავების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მერაბ კურდღელაშვილი აღიარებით ჩვენებაში ამბობს, 1 100 000 ლარის მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმების ლობირება იყო. თუმცა, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, არავითარი ხელშეკრულება არ არსებობს. საინტერესოა, რომ ოზურგეთის გამგეობიდან გამოთხოვილი და მიღებული ოფიციალური ინფორმაციაც ამას ადასტურებს: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ, 2010 -2011 წლებში, სახელმწიფო შესყიდვა დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე არ გახორციელებულა. შესაბამისად, არ გაფორმებულა არავითარი ხელშეკრულება. რაც შეეხება ქალაქის დასუფთავებაზე გაწეულ ხარჯებს, იგი ჩასმულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და სუბსიდიის სახით ერიცხებოდა აიპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურს.”
4 აგვისტო, 12:50 საათი. ჩვენს ვებგვერდზე გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი ინფორმაცია განთავსდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას ედავება მას გამოძიება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა 3 საათზე გააკეთებს. წყაროს თქმით, ამ დილით ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსი მერაბ კურდღელაშვილი ხელახლა დააკავეს. შეგახსენებთ, რომ კურდღელაშვილი რამდენიმე დღის წინ საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს _ მას გამოძიება ბიუჯეტიდან თანხების მიტაცებას ედავებოდა.
როგორც “გურია ნიუსი” ერთი თვის წინ წერდა, 17 ოზურგეთელი მეწარმე ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში მას შემდეგ მივიდა, რაც საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ბიუჯეტის თანხებით გახორციელებული პროექტების დოკუმენტაციის მიტანა მოსთხოვეს.
პირველ ეტაპზე, პროკურატურა ტენდერებში გამარჯვებული პირებით დაინტერესდა და 20-მდე მეწარმე გასაუბრებაზე დაიბარა. საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბოლო სამი წლის მანძილზე გახარჯულ თანხებზე და ტენდერში გამარჯვებული მეწარმეების მიერ გახორციელებულ საქმიანობაზე.
როგორც ერთ-ერთმა მეწარმემ გვითხრა, პროკურატურაში რომ იყო დაბარებული, ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლებმა შეატყობინეს: “აინტერესებთ, ტენდერებში ხელისუფლების კავშირები და პროექტები, რომლებიც ბიუჯეტის სახსრებით გახორციელდა. მე ყველა სახის დოკუმენტაცია მიმატანინეს. არ ვიცი, ჯერჯერობით, რას სწავლობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ბიუჯეტის თანხების მიზანმიმართულად ხარჯვით არიან დაინტერესებულები”, _ ამბობდა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მეწარმე.
4 აგვისტო, 13:19 საათი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.
“ვადასტურებთ ინფორმაციას, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენთვის გამგებლის დაკავების მიზეზები უცნობია”, _ გვითხრეს საკრებულოს თავმჯდომარის პრესსამსახურში.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკრებულოში საგანგებო ბრიფინგის ჩატარება მომხდართან დაკავშირებით, გვიპასუხეს, რომ თუ მსგავსს გადაწყვეტილებას მიიღებს მამეშვილი, ამის შესახებ ჟურნალისტებს მოგვიანებით ეცნობებათ.
4 აგვისტო, 14:56 საათი. გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არც საკრებულოში და არც გამგეობაში არ აკეთებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ტაკიძე სამართალდამცველებმა 4 აგვისტოს დილით საკუთარ სახლში აიყვანეს. გამგებლის მისაღებში დილიდანვე სამართალდამცავები მუშაობდნენ, ამ დროისთვის ტაკიძის კაბინეტი დალუქულია. მომხდარზე არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და არც გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც აქ დასაქმებული საჯარო მოხელეები ამბობენ, მათთვის გამგებლის დაკავება მოულოდნელი იყო და ამის შესახებ, სამსახურში მისვლის შემდეგ შეიტყვეს. რამდენიმე წუთში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი დაიწყება.
4 აგვისტო, 16:51 საათი. ტაკიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად ერთი წელი მუშაობდა.
გიორგი გენადის ძე ტაკიძე 1973 წლის 22 ივლისს დაიბადა. 1990 წელს დაამთავრა სოფელ ნატანების #2 საშუალო სკოლა. 1991 წელს ჩაირიცხა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით, რომელიც 1996 წელს დაამთავრა. 1998 წელს სპეციალისტად დაიწყო მუშაობა კონტროლის პალატის გურიის ბიუროში. 2000 წელს მუშაობა დაიწყო ოზურგეთის რაიონის გამგეობის ეკონომიკურ სამსახურში მთავარ სპეციალისტად. 2005 წელს დაინიშნა რაიონის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების მთავარ სპეციალისტად, ხოლო 2006 წელს გადაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად. 2008 წელს დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. 2010 წელს არჩეულ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფელ ნატანების მაჟორიტარ დეპუტატად. 2010 წლის 17 ივნისიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელია. მეუღლე, ქეთევან სეფერთელაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის სამმართველოში ინპექტორ-გამომძიებლად მუშაობს. ჰყავს 2 შვილი.
4 აგვისტო, 16:55 საათი. ტაკიძეს პროკურატურამ ბრალად 20 000 ლარის ქრთამის აღება წაუყენა.
როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის პირველმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი განაგრძობს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო თანხების განკარგვის კანონიერების შესწავლას. შემოწმდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობა და აღმოჩენილი სამართალდარღვევების გამო, თავდაპირველად დაკავებული იქნა ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსი მერაბ კურდღელაშვილი. დადასტურებულია, რომ 2010-2011 წლებში, მერაბ კურდღელაშვილმა მიღებული მილიონ 100 ათასი ლარიდან მიითვისა 180 000 ლარი. გამოძიებით, ასევე დადგენილია, რომ კურდღელაშვილს სამსახურებრივ საქმიანობაში მფარველობას უწევდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე.
საყვარელიძის განცხადებით, გიორგი ტაკიძე დაკავებულია პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ და მას 180 000 ლარის მითვისებაში თანამონაწილეობის გარდა, ბრალად ედება დამატებით, კურდღელაშვილისგან ქრთამის სახით 20 000 ლარის მიღება.
“გამოძიება გრძელდება და აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაგრძელდება საქართველოს პროკურატურის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა”, _ განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის პირველმა მოადგილემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
დღესვე პროკურატურამ მერაბ კურდღელაშვილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა.
4 აგვისტო, 18:28 საათი. გამგებლის საქმიანობას ზედამხედველობას საკრებულო უწევს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის ქეთი თოიძის თქმით, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის” თანახმად, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება: ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება; გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის; ლ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი.
5 აგვისტო,12:26 საათი. ტაკიძე კურდღელაშვილის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე დააკავეს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების ყოფილის უფროსის მერაბ კურდღელაშვილის ჩვენება 4 აგვისტოს გაავრცელა.
როგორც კურდღელაშვილი აღიარებით ჩვენებაში ჰყვება, “2010 წლის, თუ არ ვცდები, ივნისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ დამიბარა მასთან კაბინეტში და მითხრა, რომ ოზურგეთის ტერიტორიაზე, დასუფთავების სამსახურის 2010 წლის და 2011 წლის სამუშაოს შესრულებაზე გამეფორმებინა ხელშეკრულება 1 100 000 ლარზე. აქედან გამომდინარე, მისთვის უნდა გადამეხადა ყოველთვიურად ქრთამი, რომლის საერთო ოდენობა იქნებოდა 30 000 ლარი; აქედან, გადახდილი მაქვს 20 000 ლარი”, _ ამბობს კურდღელაშვილი აღიარებით ჩვენებაში.
საინტერესოა, რომ, გამგებელს კურდღელაშვილთან ამ საქმიანობის შესრულებაზე ხელეშეკრულების გაფორმება არ დასჭირდებოდა, რადგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ააიპ.) “ოზურგეთის დასუფთავების სამსახური”, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წლების წინ არის დაფუძნებული, ანუ მუნიციპალიტეტის სამსახურია, რომელიც ახორციელებს დასუფთავების საქმიანობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამ ტიპის მომსახურებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არ სჭირდებოდა არც ტენდერი, არც ფასთა კოტირება ან სხვა რაიმე ტიპის სახელმწიფო შესყიდვების გახორციელება, რადგანაც ასეთი სამსახური, დასუფთავების სამსახურის სახით, უკვე ჰქონდა. რაც შეეხება 2011 წელს, იგივე პრინციპი გრძელდებოდა და ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვებზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის თანახმად, გამგებელი ხელს არ აწერს.
5 აგვისტო, 16:34 საათი. გამგეობაში ადასტურებენ, რომ ტაკიძეს კურდღელაშვილთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2010 -2011 წლებში სახელმწიფო შესყიდვა დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე არ გახორციელებულა. შესაბამისად, არ გაფორმებულა არავითარი ხელშეკრულება. რაც შეეხება ქალაქის დასუფთავებაზე გაწეულ ხარჯებს, იგი ჩასმულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და სუბსიდიის სახით ერიცხებოდა აიპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურს”, _ აღნიშნულია ოფიციალურ წერილში, რომელიც ჩვენი მოთხოვნის შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის თანახმად, 5 აგვისტოს მოგვაწოდა.
დასუფთავების სამსახურის უფროსი მერაბ კურდღელაშვილი კი, თავის აღიარებით ჩვენებაში, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 4 აგვისტოს გაავრცელა, ამბობს, რომ “2010 წლის, თუ არ ვცდები, ივნისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ დამიბარა მასთან კაბინეტში და მითხრა, რომ ოზურგეთის ტერიტორიაზე, დასუფთავების სამსახურის 2010 წლის და 2011 წლის სამუშაოს შესრულებაზე გამეფორმებინა ხელშეკრულება 1 100 000 ლარზე. აქედან გამომდინარე, მისთვის უნდა გადამეხადა ყოველთვიურად ქრთამი, რომლის საერთო ოდენობა იქნებოდა 30 000 ლარი; აქედან, გადახდილი მაქვს 20 000 ლარი”, _ ამბობს კურდღელაშვილი აღიარებით ჩვენებაში.
5 აგვისტო, 19:48 საათი. კონსტანტინე კანდელაკი: “საკრებულო თავის ფუნქციას ჯეროვნად, რომ ასრულებდეს მსგავსი ფაქტები გამოირიცხებოდა”.
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კონსტანტინე კანდელაკი “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ თუ საკრებულო თავის ფუნქციას ჯეროვნად ასრულებს, მსგავსი ფაქტები გამოირიცხება _ გამგებლის და გამგეობის საქმიანობას კონტროლს საკრებულო უწევს: “ჩვენ დღეს საქართველოში საკრებულოს ფუნქციის დაკნინების მავნე პრაქტიკა გვაქვს _ დეპუტატები რომ ითხოვდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებისგან დეტალურ ინფორმაციას, მსგავსი ფაქტები ნაკლებად გვექნებოდა. ჯერ ერთი, საკრებულო ბიუჯეტს რომ ამტკიცებდა, მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა, რა სჭირდებოდა თითოეულ ორგანიზაციას თუ სამსახურს, უნდა მომხდარიყო გაანგარიშება; მაგალითად, რამდენ კილომეტრს გაივლიდნენ დასუფთავების სამსახურის მანქანები, რა სამუშაოებს შეასრულებდნენ და რამდენი ათასი ლარი იყო ამისთვის საჭირო. მთავარი ის არის, რომ ბიუჯეტის დამტკიცების დროს, უნდა მოითხოვონ დეტალური ინფორმაცია პროგრამული სახით. ეს ყველაფერი თავიდანვე რომ გაეკეთებინათ, გამოჩნდებოდა, გაბერილი იყო თუ არა ხარჯები, ან პირიქით”, _ გვითხრა კანდელაკმა.
მისი თქმით, საკრებულო “ჰაერზე” რომ იძლევა დაფინანსებას, ასეთ შედეგს ვიღებთ: “რაც შეეხება გამგებელს, ბიუჯეტში წინასწარ რომ არ ყოფილიყო ეს თანხები გაწერილი, მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ტენდერი გამოაცხადა და ლობირება გაუწია კონკრეტულ პიროვნებას, რომელიმე ფირმას ან ააიპ-ის”.
არც გურიის გუბერნატორს, რომელსაც სამოქმედო ტერიტორიაზე ზედამხედველობის ფუნქცია აქვს და არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად, ამ დრომდე არანაირი განმარტება ან კომენტარი არ გაუკეთებიათ; საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ისინი მხოლოდ “გურია ნიუსთან” გაკეთებული მოკლე სატელეფონო კომენტარებით შემოიფარგლნენ.
“გურია ნიუსი” ორი დღის განმავლობაში ცდილობს, მოიპოვოს კომენტარები საკრებულოს წევრებისგან გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა, ისინიც “დუმილის უფლებით” სარგებლობენ.
5 აგვისტო, 22:13 საათი. გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს ოპოზიციონერი ნაცვალაძე აკეთებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ გააკეთა.
ნაცვალაძის თქმით, ფაქტი, რომელმაც მთელ საქართველოში აჟიოტაჟი გამოიწვია, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა: “როცა საკრებულოს თითქმის ყველა სხდომაზე ხელისუფლების ნაკლოვანებებზე, არასწორად გაწერილ ბიუჯეტზე, კორუფციულ გარიგებებზე და სხვადასხვა დარღვევებზე მივუთითებ, ისე გამოდის, რომ “ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის”, დღეს კი ვიღაცას დასჭირდა, გიორგი ტაკიძე “სანაგვეზე” მოისროლოს. მე ერთადერთი დეპუტატი ვარ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელმაც გამგებლის თანამდებობაზე ტაკიძის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა, რადგან ამ სიბინძურისთვის ვერ გავიმეტე. ტაკიძის ადვოკატად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ კურდღელაშვილის ჩვენება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს _ საინტერესოა, რომელ ხელშეკრულებაზე საუბრობს მერაბ კურდღელაშვილი, როცა მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს?!”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ნაცვალაძე.
მისი თქმით, არა მარტო დასუფთავების სამსახური, არამედ მთელი რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციები წარმოადგენენ ხელისუფლებისთვის ფულის გათეთრების წყაროს, მაგრამ არა მარტო ტაკიძისთვის _ “გამგებელი გუბერნატორის “ჯიბეა”, გურიის ბატონ-პატრონი ჯერჯერობით “ყოვლისშემძლე” რამაზ ნიკოლაიშვილია”: “თუ ვინმეს მართლა სურს მოსპოს ან თუნდაც შეანელოს გურიაში ელიტარული კორუფცია, ცოტა ადრეული პერიოდებიდან უნდა დაიწყოს და დასუფთავების სამსახურის მოღვაწეობის იმ პერიოდს გადახედოს, როცა აღნიშნულ სამსახურს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. მაშინ ვნახავთ კორუფციის გზები ვისთან მიგვიყვანს; ან თუნდაც სოფლის მხარდამჭერი პროგრამების არამიზნობრივი ხარჯვა გავიხსენოთ; საინტერესოა, გამოყოფილი მილიონებიდან რა თანხები მოხმარდა ქალაქსა და სოფელს; ან რამაზ ნიკოლაიშვილის თაოსნობით, სამი წლის წინ დაიშალა პირველი საჯარო სკოლის ისტორიული მუზეუმი იმ პირობით, რომ უკეთესი აშენდებოდა, მაგრამ დღემდე ნანგრევებად რჩება _ გარემონტდა სკოლის ერთი ფლიგელი, რომელიც უკვე იშლება. ანალოგიურ მდგომარეობაშია მეორე საჯარო სკოლაც. ფაქტები ძალიან ბევრია”, _ ამბობს საკრებულოს წევრი.
მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იწვევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობა საგანგებო სხდომას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით: “საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ველოდები საკრებულოს თავმჯდომარისგან განცხადებას, მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე როგორც საკრებულოს წევრი, მოვუწოდებ დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ ჩემს მოთხოვნას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რადგან ვთვლი, რომ მას აღარ აქვს მორალური უფლება, ეკავოს აღნიშნული პოსტი. ბატონ მამეშვილს მინდა შევახსენო, რომ ერთი წლის თავზე ტაკიძისა და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ნათლად საუბრობდა ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის მიღწევებზე. და ბოლოს ვიტყვი, რომ ეს არ არის ოზურგეთის კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯი _ ეს არის ორი მაღალი რანგის ჩინოსანს, “უძლეველ” ვანო მერაბიშვილსა და “ყოვლისშემძლე” რამაზ ნიკოლაიშვილს შორის დაპირისპირების გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ ე.წ. “ბახმაროს” სკანდალით დაიწყო. ნურავინ ჩამითვლის ნიშნის მოგებით ნათქვამად, გულწრფელად ვწუხვარ აღნიშნული ფაქტის გამო, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს _ სააკაშვილის ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში, ფარად იყენებს წესიერ ადამიანებს მათი სიბინძურის დასაფარავად, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისთანავე სანაგვე ურნებზე ისტუმრებს მათ”, _ ამბობს ნაცვალაძე.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ დრომდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ოფიციალური განმარტება, ან რაიმე სახის განცხადება მომხდართან დაკავშირებით არ გაკეთებულა.
5 აგვისტოს, საღამოს საათებში, “გურია ნიუსი” თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის უფროსს ტელეფონით დაუკავშირდა და შეეცადა, გაეგო, გაიმართა თუ არა სასამართლო პროცესი ბრალდებული გიორგი ტაკიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების, ანდა გირაოს შეფარდების თაობაზე. თუმცა, როგორც პრესსამსახურის უფროსმა გვითხრა, მისი ინფორმაციით, სამუშაო საათებში მსგავსი პროცესი არ გამართულა.
ჩვენ ასევე შევეცადეთ გაგვეგო, თუ ვინ იცავს კორუფციულ გარიგებაში ბრალდებული გამგებლის ინტერესებს, თუმცა არაერთი მცდელობისა, ადვოკატის ვინაობა ამ დრომდე ვერ დავადგინეთ. მხოლოდ ერთი ინფორმაციის მოპოვება შევძელით _ ტაკიძე ჯერ-ჯერობით გამოძიებას არ დაუკითხავს.
“გურია ნიუსი” წერდა, რომ ტაკიძემ და მამეშვილმა საკრებულოს მუშაობის ერთი წელი შეაჯამეს და “არა ერთ წარმატებულ პროექტზე” რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდნენ. ამ საუბრის დროს არავის უხსენებია “წარუმატებელი” პროექტები.
“ჩვენ 24 საათის განმავლობაში ხალხის სამსახურში ვართ და გეგმის მიხედვით ვასრულებთ თითოეულ აქტივობას”, _ აღნიშნა ტაკიძემ 6 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე და ბიუჯეტის მიმოხილვა დეტალურად მუხლების მიხედვით დაიწყო.
მკითხველს შევახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში “გურია ნიუსში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “მაღალჩინოსნებს თანამდებობებს ატოვებინებენ, საჯარო მოხელეებსა და სამართალდამცავებს დაკითხვებზე იბარებენ, ვის დაკავებას ცდილობს გამოძიება?” მაშინ რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინე სუნგულია “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებდა, რომ საქართველოში, მარტო ელიტარული კორუფცია არ ყვავის:
“როცა პრეზიდენტი აცხადებდა, რომ საქართველოში კორუფცია დამარცხდა, ამ დროს ელიტარულ კორუფციაზე ვსაუბრობდით. აღმოჩნდა, რომ საქართველოში კორუფცია ისევ მეფობს, მე მგონი იმაზე მეტად, ვიდრე შევარდნაძის მმართველობის დროს.
მაშინ ეს პროცესები ღია იყო, ახლა კი დაფარულია. დაბალ დონეზე გაქრა კორუფცია, მაგრამ საშუალო და ელიტურ დონეზე ყვავის, იმაზე მეტად ვიდრე ვარდების რევოლუციამდე იყო”, _ ამბობდა სუნგულია.
“გურიის რეგიონში მომხდარი ბოლოდროინდელი ფაქტები, არ მიმანიშნებს, რომ ეს ხელისუფლება გამოსწორებას აპირებს. მათ ყველაფერში ორმაგი სტანდარტები აქვთ, კორუფციის დიდ ჯაჭვში, პატარა რგოლი _ გურია “გაწირეს”. სუნგულია ვარაუდობდა, რომ ამის მიზეზი ან პიარია, ან კიდევ “გურიის” მფარველზე გასვლა სურთ:
“თუ ეს პროცესი შეწყდება და კანონის შესაბამისად არავინ დაისჯება, ჩამოერთმევათ ქონების ნაწილი და ამ გზით შეივსება ბიუჯეტი და ისევ შეინარჩუნეს გურიის მაღალჩინოსნებმა თანამდებობები, ეს დაადასტურებს იმას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ ხელისუფლებისთვის პიარია და მეტი არაფერი. ან დასაშვებია, რომ ჯაჭვში “გურიის რგოლი” გაიწიროს, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ ვიღაცას ვიღაცაზე გასვლა სურს”, _ გვეუბნებოდა დაახლოებით ერთი წლის წინ რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
“გურია ნიუსი” სისტემატურად წერდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებულ კორუფციაზე, ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და კანონდარღვევით შედგენილ ათიათასობით ლარის ღირებულების ხელშეკრულებებზე, თუმცა, ეს ფაქტები დღემდე იგნორირებული იყო.