(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ კონტიგენტის სიმცირისა თუ სრული არარსებობის გამო, ბოლო პერიოდში, არა ერთი დაწყებითი სკოლა გაუქმდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2011 წლის სექტემბრიდან აღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას ქაქუთის (ჭანიეთის თემი), ბაღდადის (ცხემლისხიდის თემი) და თირის (ძიმითი) დაწყებითი სკოლები: _ ეს არის პერმანენტული პროცესი _ შარშან, მერიის თემში ანალოგიური მიზეზით, გაუქმდა ხვარბეთისა და გოგორეთის დაწყებითი სკოლები. მოსწავლეები და მასწავლებლები გადანაწილდებიან თემში არსებულ საჯარო სკოლებში. მასწავლებლების მაქსიმალური დატვირთვა ამ შემთხვევაში ვეღარ ხერხდება, გასაგები მიზეზის გამო, თუმცა, ხდება მათი ჩართულობა იმ სკოლაში, რომელსაც ესა თუ ის გაუქმებული დაწყებითი სკოლა შეუერთდა, _ უთხრა “გურია ნიუსს” ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა.