(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სესია გაიმართა, რომელზეც 4 ძირითადი და ერთი დამატებითი საკითხი განიხილეს. სხდომის დასაწყისშივე, საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ გამოაცხადა, რომ ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატი დალი კვერენჩხილაძე ღირსების მედლით დაჯილდოვდა.
დღის წესრიგის პირველ საკითხზე ზაზა ქავზინაძემ ისაუბრა. მან დეპუტატები შპს “ლანჩხუთი-გზის” მოსალოდნელ ლიკვიდაციაზე ჩააყენა საქმის კურსში და დასძინა, რომ ღონისძიებების გახორციელება მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გოგუაძემ უნდა უზრუნველყოს.
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის დამტკიცების თაობაზე. ეს თემა ბოლო პერიოდში საკმაოდ გახმაურებული იყო. განსაკუთრებით კი, კაფე-ბარების მეპატრონეები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. როგორც ცნობილი გახდა, ერთ სკამზე არსებული მოსაკრებელი 1,3 ლარი შესაძლოა 0,4 ლარამდე შემცირდეს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის შერჩევისთვის შექმნილმა კომისიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ვინაიდან კომისიის წევრები ერთ კონკრეტულ ნამუშევარზე ვერ შეჯერდნენ. კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა. კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად აფხაზავამ ისაუბრა ცვლილებებზე, რომელიც მხოლოდ ვადების განსაზღვრას ეხება _ კონკურსი 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით გამოცხადდება, 21 ნოემბერს კი კომისია გამარჯვებულს გამოავლენს. ცნობისთვის, საუბარი იყო, რომ კონკურსანტებს მუშაობის პროცესში სამების მთის, ლელოს “ცოცხალი” ბურთის, ზღვის, ასევე მეწამული ფერის გათვალისწინება მოუხდებოდათ, მაგრამ ასე აღარ იქნება _ ისინი მხოლოდ ჰერალდიკის კომისიის მიერ დადგენილი წესებით იმოქმედებენ.
შემდეგ, შოთა ჩაგუნავამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ისაუბრა. სესიაზე ასევე დაზუსტდა და დაკონკრეტდა, თუ რატომ სურს მოსახლეობას აღნიშნული სახელების დარქმევა.
გამგებლის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში, გიორგი ჭყონიამ ისაუბრა უკრაინაში, ქალაქ ნოვა-კახოვკაში მორიგ ვიზიტზე. მისი თქმით, ორშაბათს, 3-კაციანი დელეგაცია გაემგზავრება უკრაინაში, “ეკონომიკურ ფორუმზე” დასასწრებად. სადაც მოხდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა. ლანჩხუთიდან წარდგენილი იქნება ის პროდუქცია, რომელიც ადგილზე იწარმოება _ ჩაი, ლიმონის ნერგები, თხილი.
სესიის ბოლოს, საკრებულოს წევრმა ლევან ჩხაიძემ ქალაქში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, “კანალიზაციის ჭა არის ღია მდგომარეობაში, საიდანაც ათასი უბედურება მოედინება პირდაპირ ქუჩაში. ძროხები სვამენ ამ წყალს, შიგ კი იხვები და ბატები დაცურავენ. რაღაც თუ არ ვიმოქმედეთ, უბედურება დატრიალდება _ ბოტკინია ყველგან მოდებული”.
რევაზ ჩიტიძის თქმით, “ასეთი პრობლემები ქალაქში, სამწუხაროდ, არსებობს და აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი კერები აღარ იყოს”.