ალბათ ასეთ სიტუაციებში ითქმის, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო. მართლაც ძალიან ტრაგიკომიკურია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდია. ფაქტია, რომ ამას დიდი კრიმინალური ენერგია სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სატვირთო ავტომანქანით შემოპარვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს საზღვარი რამდენჯერმე აქვს დარღვეული.
„ერთხელ უკრაინაში შევიდა პოლონეთის მხრიდან რამდენიმე წლის წინ. ახლა უკრაინისა და საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ. რამხელა კრიმინალური ენერგია უნდა იყოს ადამიანში, რომ ამხელა ნაბიჯზე მიდიოდე. თვითონ ეს ჩანაწერიც ხომ გარკვეული სიურპრიზი იყო. ერთი რაც არის, ვხედავთ, ადამიანი როგორ იტყუება. როგორია ადამიანის გამომეტყველება, როცა იტყუება. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ჩანაწერი გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ საზოგადოებას ენახა, როგორც ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც ის შესთავაზებდა მათ – წინასწარ განზრახული, ჩაწერილი ტყუილი. სამწუხაროა, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ის მსჯავრდებულია და არ არის საქართველოს მოქალაქე, ის იყო პრეზიდენტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.