ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის ელექტრომომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 020 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 28 იანვრიდან თხინვალის სკოლას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა. შექმნილი ვითარების გამო, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის გაგრძელება ხრიალეთის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარება ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა, თუმცა თხინვალის სკოლას სრული რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2022 წელს ჩაუტარდა.
არსებულმა გაუმართაობამ შეფერხება შექმნა მეზობელი სოფლის მოსწავლეებისთვისაც. თხინვალის საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობდნენ ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. თხინვალში შექმნილი პრობლემის გამო, ისინი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში განათლებას სოფელ შრომის საჯარო სკოლაში იღებდნენ. ამ ეტაპზე ზუსტი თარიღი უცნობია, თუ როდის შეძლებენ ზემო ნატანების სკოლის მოსწავლეები მეზობელ სოფელში გადაადგილებისა და მეორე ცვლაში სწავლის გარეშე, საკუთარ სკოლაში დაბრუნებას.
რაც შეეხება ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) პრესსამსახურის ცნობით, განათლების სამინისტრომ რეგიონში სკოლების მშენებლობის მოთხოვნა (რომელიც ზემო ნატანებასა და ანასეულში ახალი სკოლების მშენებლობას ითვალისწინებს) პრიორიტეტულ სიასთან ერთად ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე გადასცა. ამ ეტაპზე შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება მიმდინარეობს.




































































