ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფესტივალ „ტკბილი ქალაქის“ ჩასატარებლად გამოცხადებული ტენდერი შეწყვეტილია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ტენდერის შეწყვეტის მიზეზი ასეა განმარტებული:
„2026 წლის 17 ივლისს, ქალაქ ოზურგეთში ღონისძიების — «ტკბილი ფესტივალი 2026-ის» მოწყობის მომსახურებაზე გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (NAT260014835), შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 98 250 ლარი.
ტენდერის მიმდინარეობისას, სატენდერო კომისიას წარედგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის 2026 წლის 24 ივლისის N 02-3626205124 მოხსენებითი ბარათი. მასში აღნიშნულია, რომ ტენდერის გამოცხადების შემდგომ შეიცვალა ფაქტობრივი გარემოებები — კერძოდ, მუნიციპალიტეტის მიმდინარე საქმიანობის დაგეგმვის პროცესში შეიცვალა პრიორიტეტები, რის შედეგადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე ეტაპზე «ტკბილი ფესტივალის» ჩატარება აღარ განიხილება.
შესაბამისად, აღარ არსებობს იმ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის საჭიროება, რომლის უზრუნველსაყოფადაც აღნიშნული ტენდერი გამოცხადდა“.
ცნობისთვის, ფესტივალი „ტკბილი ქალაქი“ წელს პირველად უნდა ჩატარებულიყო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მის ორგანიზებაზე 98 250 ლარის დახარჯვას გეგმავდა.





































































