წყაროს თქმით, ახალდანიშნული პოლიცმაისტერი დავით ცირეკიძე, სავარაუდოდ, გათავისუფლებული შეფების ადგილზე საკუთარ კადრებს მოიყვანს.
საკადრო წმენდა მარტო გურიის პოლიციაში არ დაფიქსირებულა _ ვანო მერაბიშვილმა თავის სისტემაში ეს პროცესი სექტემბერში დაიწყო და რამდენიმე სამმართველოს უფროსი ერთდროულად გაათავისუფლა, მათ სიაში მოხვდა გურიის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსი გიგა ჯაფარიძე, რომლის ადგილზე დავით ცირეკიძე დაინიშნა.
დავით ცირეკიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სამივე მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსები კადრების განკარგულებაში ირიცხებიან.
_ ბატონო დავით, როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის პოლიციის უფროსები თანამდებობებიდან გაათავისუფლეთ, რატომ?
_ თანამდებობიდან არავინ გაუთავისუფლებიათ. პოლიციის უფროსები სხვა თანამდებობებზე გადაიყვანეს.
_ ანუ სამივე მუნიციპალიტეტში შეიცვლებიან პოლიციის უფროსები?
_ ვნახოთ, რამდენიმე დღეში გადავწყვეტ..
_ მათ თანამდებობები დაატოვებინეთ?
_ არა, თანამდებობა არ დატოვეს, ისინი კადრების განკარგულებაში არიან და დაინიშნებიან სხვადასხვა თანამდებობებზე.
_ კიდევ რა ცვლილებებს გეგმავთ?
_ ჩვენ გვყავს პრესცენტრი. შეგიძლიათ, მას მიმართოთ და ყველაფერზე გაგცემენ პასუხს.
“გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესშეფს, ზურაბ გვენეტაძეს დაუკავშირდა, რომელიც მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა და როგორც უმეტეს წილად, არც ახლა გვიპასუხა შეკითხვაზე: _ არ ვიცი… _ გვითხრა მან და ტელეფონი უმალვე გათიშა.
იმის გასაგებად, დატოვა თუ არა თანამდებობა ოზურგეთის პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ იმერლიშვილმა, თავად მას დავუკავშირდით ტელეფონით:
_ ბატონო ნიკოლოზ, როგორც გავიგეთ, თანამდებობიდან გაგათავისუფლეს.
_ ახლა არ მცალია, დაკავებული ვარ.
_ ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ თანამდებობა დატოვეთ?
_ ბოდიშით, _ გვითხრა იმერლიშვილმა და ტელეფონი გათიშა.