მან ამ თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავა. გულწრფელობით და პატიოსნებით გამორჩეული ყოფილი გამგებელი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ წასვლის გამო გული არ წყდება:
_ თანამდებობის დატოვების გამო არანაირად არ მწყდება გული. ისევ მოადგილის პოსტს დავუბრუნდები და ვიმუშავებ უფრო დიდი შემართებით.
_ ბატონო გია, როგორც ვიცით, ხელისუფლებას თქვენთან მხოლოდ ერთი პრეტენზია ჰქონდა _ ლმობიერი ხასიათი და შესაბამისად, რბილი საკადრო პოლიტიკა. როგორ ფიქრობთ, ეს იყო თქვენი შეცდომა?
_ ალბათ, კი. მაგრამ მე ვცდილობდი, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონოდა და ვყოფილიყავი არა მარტო ხელმძღვანელი, არამედ თითოეულის თანამშრომლის მეგობარი. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა ეს ვერ დააფასა. არა უშავს, ცხოვრება გრძელდება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ დაზუსტებით: ქალბატონ ლელას, რომელიც ყველა ღირსებით შემკული ადამიანია, გვერდით დავუდგები და დამერწმუნეთ, ერთიანი გუნდის პრინციპით, ჩოხატაურის სასიკეთოდ ბევრ საქმეს გავაკეთებთ, _ გვითხრა გიორგაძემ.
აღსანიშნავია, რომ გიორგაძის წასვლამ ბევრ თანამდებობის პირს გაუჩინა სამსახურის დაკარგვის შიში და ეს გასულ დღეებში გამგეობაში კარგად იგრძნობოდა.
უცნობია, ვის კადრებს დატოვებს სამსახურში ახალი გამგებელი, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ჩოხატაურს სერიოზული საკადრო ცვლილებები ელის.
მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს გია გიორგაძე და აღნიშნავს, რომ რაც გაკეთდება, მხოლოდ და მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე. მისივე თქმით, გამგეობაში ახალი გამგებლის მისაღებად მზად არიან და ლელა იმედაშვილს კაბინეტი უკვე გაუმზადეს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამგებელი საკრებულომ უნდა აირჩიოს.