შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა 2014 წლის ივნისის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
მონაცემების მიხედვით, ივნისის თვეში, საქართველოს საზღვარზე 452 588 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით ნაკლებია.
რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 243 362 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2014 წლის ივნისში საზღვარი გადმოკვეთა 864 193 ტურისტმა, რაც ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 38,5%-ია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7,7%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ტრანზიტს, ივნისის თვეში, 406 915 ვიზიტი განხორციელდა, რაც ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 18,1%-ია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.
გარდა ამისა, ივნისის თვეში დაფიქსირებულია 972 254 სხვა ვიზიტი, რაც საერთო რაოდენობის 43,4%-ია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით -0,2%-იანი კლება შეინიშნება.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-9%), აზერბაიჯანიდან (+15,3%), სომხეთიდან (-19,3%), რუსეთიდან (-20%) და უკრაინიდან (+10%) განხორციელდა.
შსს-ს ინფორმაციით, ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ივნისშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ავსტრია, იტალია და ლატვია (შესაბამისად 89%, 54%, 20%, 16%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან კი ყაზახეთი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 45% მატებით.