ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრები მამაკაცი, 55 წლის მალხაზ სიხარულიძე ავადაა და სასწრაფოდ ითხოვს დახმარებას.
მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მალხაზ სიხარულიძის მეზობლებმა მოგვაწოდეს.
თინა გურგენიძე, მალხაზ სიხარულიძის მეზობელი: _ ვითხოვთ, სათანადო ყურადღება მიაქციონ ჩვენს მეზობელს, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. მეუღლე ოთხი თვის წინ გარდაეცვალა და ახლა ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილები სკოლის მოსწავლეები არიან. ერთხელ, როგორც იქნა, მოვახერხეთ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადავიყვანეთ, მაგრამ პაციენტი უკან მოაბრუნეს. ვერ შევძელით, ეს ადამიანი საავადმყოფოში მოხვდეს თუნდაც, რამდენიმე დღით, გადასხმა გაუკეთონ და ყურადღება მიაქციონ.
ლია მოლარიშვილი, მალხაზ სიხარულიძის მეზობელი: _ როგორც მე ვიცი, ტუბერკულოზის ნიშნები აქვს და ამიტომ ვერ ხერხდება მისი საავადმყოფოში დატოვება. ადრე ოზურგეთში იყო ტუბდისპანსერი, მაგრამ ახლა აღარ არის. სანამდე ზუსტი დიაგნოზი იქნება ცნობილი, არ ვიცით, რა უნდა ქნას ამ ადამიანმა.
ნანა უჯმაჯურიძე, რამაზ სიხარულიძის მეზობელი: _ ჯერ არ არის დადგენილი, თუ რა ჭირს. დაახლოებით 20 დღეა ასეთ დღეში არის, მხოლოდ შაქრიან წყალს სვამს, მეტს ვერაფერს. ვითხოვთ, რომ ეს ადამიანი იქნას გადაყვანილი საავადმყოფოში და ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. ადამიანი ვერ დგება მისით, შვილი ეხმარება გადაადგილებაში.
სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დავით მდინარაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ასეთი კომენტარი გააკეთა: _ ეს ადამიანი რამდენჯერმე იმყოფებოდა ფტიზიატრ ჟულიეტა გობრონიძესთან, აქვს აღებული ანალიზი ტუბერკულოზზე. ბოლო ანალიზი რამდენიმე დღის წინ აიღო ადგილობრივ ლაბორატორიაში, იქედან უარყოფითი პასუხი მოვიდა. ექიმი ეჭვობს, რომ მალხაზ სიხარულიძეს აქვს ფილტვების ტუბერკულოზი, მაგრამ სანამ საბოლოო დიაგნოზი არ მოვა, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვით. ახალი ანალიზია კიდევ გასაკეთებელი, რაც ადგილზე ვერ ხერხდება და თბილისში უნდა გაიგზავნოს. ეს პიროვნება დადიოდა ფტიზიართან, მაგრამ ამ ბოლო დროს აღარ მოსულა, _ ამბობს დავით მდინარაძე.
მისივე თქმით, ახალი ანალიზი სამშაბათს გაიგზავნება სპეციალურ ლაბორატორიაში.
_ როდესაც მოვა პასუხი, მაშინ დაიდება საბოლოო დასკვნა. პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ეს მოქალაქე საავადმყოფოში იმყოფებოდა, უყურადღებოდ არ დარჩენილა, _ თქვა მდინარაძემ.
"გურია ნიუსმა" მალხაზ სიხარულიძის მეზობლების თხოვნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩააყენა საქმის კურსში.
გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსის ნინო ლომჯარიას თქმით, რამაზ სიხარულიძე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მას აუცილებლად მიექცევა ყურადღება:
_ საქმის კურსში იმყოფება გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე. გამგებელი ადგილზე მივიდა და პირადად გაეცნო მალხაზ სიხარულიძის პრობლემას _ ის მართლაც მძიმე მდგომარეობაშია და მას სათანადო დახმარებასაც აღმოუჩენენ, – გვითხრა ნინო ლომჯარიამ.