"შარშან დაგპირდით და გითხარით, რომ სანამ არ მოვაგვარებდი თქვენი პრობლემების ნაწილს მაინც, მე თქვენთან შეხვედრის პირი არ მექნებოდა. მესმის, რომ იდეალური არაფერია და უცებ ყველა პრობლემა ვერ მოგვარდება. მაგრამ, ვფიქრობ, რაღაცების გაკეთება შევძელით. თუნდაც, იმით, რომ მოგვარდა სოფლის ექიმების პრობლემა. მართალია 30%-თ მაგრამ, გაიზარდა ანაზღაურება. აღარ გიხდებათ მედიკამენტების შეძენა საკუთარი სახსრებით", _ ასე გახსნა შეხვედრა, დავით სერგეენკომ გურიის სამედიცინო დარგის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და ყველა ექიმს მიეცა საშუალება მინისტრთან ესაუბრა იმ პრობლემებზე, რაც მათ აწუხებდათ.
დავით სერგეენკომ მათ მოუწოდა, რომ ესაუბრათ მასთან, როგორც კოლეგასთან და არა მინისტრთან და დაესვათ ყველა კითხვა შეულამაზებლად, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე.
ძირითადი პრობლემები, რომელიც ლანჩხუთისა და ოზურგეთის წარმომდგენებმაც დასვეს, სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა. რაზეც "გურია ნიუსი" ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება თავად ექიმებს, მათ მადლობა გადაუხადეს სერგეენკოს და შეხვედრის ბოლოს უთხრეს: "ბატონო დავით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყოველთვის ისე გააგრძელებთ ჩვენს თანადგომას, როგორც აქამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე კარგად იმიტომ გესმით ჩვენი პრობლემები, რომ თავად ექიმი ბრძანდებით. თქვენ ხართ ჩვენი მინისტრი!"