რეორგანიზაციის ახალი ტალღა ქუთაისის მერიაში. ქალაქის მერი შოთა მურღულია, მიიჩნევს რომ მერიაში კონკურსის წესით შერჩეული პროფესიონალი კადრები უნდა მუშაობდნენ და მხოლოდ იმდენი თანამშრომლი, რამდენსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.
მისივე განცხადებით, დღეიდან ვიცე-მერებსა და სამსახურის უფროსებს უფლებამოსილება შეუწყდათ. თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ სამსახურის უფროსები და ვიცე-მერები კონკურსის გარეშე დაინიშნებიან.
შოთა მურღულია თანამშრომლების კონკურსის წესით შერჩევას ემხრობა და ამბობს რომ, კონკურსი სამ ეტაპად უნდა ჩატარდეს, რაც საბუთების გადარჩევას, ტესტირებას და გასაუბრებას მოიცავს. მურღულია ვარაუდობს, რომ რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარე წლის 3 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
"ხვალიდან მე შევეცდები დანიშვნები დავიწყო, რომ პროცესი არ შეჩერდეს. ქუთაისის მერიაში იმუშავებს იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭიროა და იმუშავებენ პროფესიონალები," _ განაცხადა მურღულიამ.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ქუთაისის მერიაში 558 თანამშრომელია დასაქმებული. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით კი, მერიის "სახანძრო და უსაფრთხოების" სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.
აღნიშნული რეორგანიზაციის შემდეგ, მერიაში თანამშრომელთა რაოდენობა, 300-მდე შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ შოთა მურღულია, არჩევნების შედეგად არჩეული ქუთაისის პირველი მერია.


































































