ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის თქმით, ეროსი კიწმარიშვილი საკაბელო ტელევიზიის გაკეთებას აპირებდა და დიდი გეგმები ჰქონდა
_ ორი დღის უკან დამირეკა, საკაბელო ტელევიზიის გაკეთებას ვაპირებ, დიდ "ავიაციაში" ვბრუნდები და ჩემს გვერდით ხომ იქნებიო, _ წერს ჟურნალსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე საათის წინ, საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. კიწმარიშვილის პრესსამსახური კი აცხადებს, რომ მოკლეს.
ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს კიწმარიშვილის ოჯახის წევრები. მისი მეგობრები კი ამბობენ, რომ კიწმარიშვილი თავს არ მოიკლავდა.
_ ერთი თვის წინ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. რუსთავის მერობას აპირებდა. აქტიურად მართავდა შეხვედრებს და როგორ ფიქრობთ, თავს მოიკლავდა? დიდი გეგმები ჰქონდა, ბევრის გაკეთებას აპირებდა და გამორიცხულია, თავი მოეკლა, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან“ საუბრისას კიწმარიშვილის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელმაც ვინაობის გახმაურება არ ისურვა.





































































