ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია დიდი ქართველი მეცნიერის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ხელნაწერთა 15 ტომი, რომელთა უმეტესობა გამოუქვეყნებელია. 29 ივლისს 11 საათზე ეს უდიდესი განძი მედიის წინაშე იქნება წარმოდგენილი და მკვლევარები ისაუბრებენ მათ მნიშვნელობაზე.
პრესკონფერენციაზე აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ მიხაკო წერეთლის მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისიის წევრები, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერთა მნიშვნელობასა და ამ ფასდაუდებელი საგანძურის დაცვისა და შენახვის თაობაზე ისაუბრებს ბიბლიოთეკის დირექტორი. პრესკონფერენციას დაესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი შერვაშიძე, დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი, თსუ რექტორი ბატონი ვლადიმერ პაპავა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მეცნიერები, ფართო საზოგადოება, მიხაკო წერეთლის მემკვიდრე.
მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (23.12.1878–02.03.1965) ცნობილია როგორც ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ახალგაზრდობაში პოლიტიკურ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა: სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთ მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი"-ს და „თეთრი გიორგი“–ს ლიდერი. სამეცნიერო თვალსაზრისით მიხაკო წერეთელი იყო პირველი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, სოციოლოგიური მეცნიერებების ფუძემდებელი საქართველოში, რუსთველოლოგი, ემიგრანტი მეცნიერი, რომელიც თავის შრომებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე წერდა. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მისი 4 გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომის ხელნაწერი და მისი ფართოდ გავრცელებული პუბლიკაციის "შუმერული და ქართული" გერმანული ვერსიის სამუშაო არქივი.