კრიმინალის ზრდასთან დაკავშიორებით, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დინამიკა დაკლებულია.
"ეს განცხადებები წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებებია, რომელიც ყოველგვარ რეალურ საფუძველს არის მოკლებული, მიზანი აქვს ჩვენი სამინისტროს დისკრედიტაცია მოახდინოს. მინდა მოგახსენოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკვლელობა გახსნილია.
ასევე მინდა ვუთხრა საზოგადოებას და დავამშვიდო, არავითარი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენული მდგომარეობა გაუარესდა არ არსებობს. ამისთვის მე მინდა სტატისტიკა მოვიხმო. კერძოდ, 2011 წლის აგვისტოში, სამწუხაროდ, ზუსტად იგივე რაოდენობა გვქონდა მკვლელობების, რაც ამა წლის აგვისტოშია, კერძოდ, 11 მკვლელობა“, _ განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ადიგენში 3 ახალგაზრდა მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრა; იმავე დღეს კახეთში 84 წლის მამაკაცმა თოფით 36 წლის ახალგაზრდა მოკლა; თბილისში ავლაბარში ნასამართლევმა პირმა დიჯეი დაჩი დარჩია დანით მოკლა; გუშინ კი, თბილისში, ბარნოვზე 27 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. გუშინ მოხდა მკვლელობა ლილოს დასახლებაშიც, სადაც აზერბაიჯანელი მოქალაქეა მოკლული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ყაჩაღობა მოხდა. ყაჩაღებმა სამართლებლით დასერეს ოჯახის დიასახლისი, ხოლო მის მძინარე მცირეწლოვან ბავშვს კიდურები უთოთი დაუწვეს.