დაახლოებით, 800-მდე ის მედიკამენტი, რომელიც ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ რეცეპტით გაიცემოდა, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ნუსხაში გადავა.
ამის შესახებ "გურია ნიუსთან“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს, სააფთიაქო ქსელებსა და ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციას შორის.
"სამუშაო პროცესზე განიხილება საკითხები არა მხოლოდ მედიკამენტებთან მიმართებაში, არამედ რეცეპტის შევსების წესთან დაკავშირებითაც, ჩვენ გავაანალიზეთ პირველადი შედეგები და მივედით იმ დასკვნამდე, რომ რეცეპტთა ნუსხის ჩამონათვალში გარკვეული ცვლილება შევა. მეორედან მესამე ჯგუფში გადავა დაახლოებით, 800-მდე მედიკამენტი. ასევე, შეივსება გადაუდებელი საჭიროებისთვის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა სია. ამასთანავე, რამდენიმე მედიკამენტი, რომელიც ე.წ. სარისკო მედიკამენტებში , გადავა მესამედან მეორე ჯგუფში, ანუ მოხდება რეცეპტებით მათი გაცემა. აქედან რამდენიმე მედიკამენტი უკავშირდება ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიას“, _ განაცხადა ზაზა სოფრომაძემ "გურია ნიუსთან“ საუბრისას.