ჩემთვის მთავარი კონკურენტი დღეს არის სიღარიბე, სიდუხჭირე, ეკონომიკური გაჭირვება და უმუშევრობა, რაც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს მან კომენტარი გააკეთა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი განცხადებებზე და აღნიშნა, რომ მისთვის ასევე მიუღებელია სპეკულაცია, რომელიც გაეროში გამგზავრებასთან დაკავშირებით გაჩნდა.
"გაეროში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება გახდა ამხელა სპეკულაციის საგანი. მე ვკითხე პრეზიდენტ ალიევს მიემგზავრებოდა თუ არა იგი გაეროში. მან მითხრა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს და აგზავნის მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩემი გაეროში წასვლის აუცილებლობა გაჩნდა იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში მქონდა სამზადისი გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით, მქონდა მოლაპარაკებები და ვარ გაეროში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი. მე მოვისმინე დამაბნეველი განცხადებები სხვადასხვა პიროვნებებისგან, თითქოს გაეროს ასამბლეა არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების შეკრების ადგილი, რაც აბსოლუტური ტყუილია. მოსაწვევში წერია, რომ ეს არის ან სახელმწიფოს, ან მთავრობის მეთაურების შეკრების ადგილი, იმის მიხედვით, როგორ არის მოწყობილი ესა თუ ის სახელმწიფო. დღეს მე ვფიქრობ მხოლოდ საქმეებზე, იმ გაჭირვებასა და პრობლემებზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ჩვენი მოსახლეობა დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინაიდან ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური განვითარება,“ _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა პრემიებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე და განაცხადა, რომ მაღალი პრემიების გაცემა მთავრობის რეალური შეცდომა იყო.
"ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ჩვენი მთავრობის და მეორე მხრივ, სასიხარულოა, რომ რამე სხვა შეცდომა ამ ორი წლის განმავლობაში არ გვაქვს. ეს პრობლემა არსებობდა წლების განმავლობაში და ინერციით გაგრძელდა. ვაღიარებ ამ შეცდომას და ამაზე არაერთხელ მითქვამს კიდეც საჯაროდ. ჩვენ ეს გამოვასწორეთ, მოვაწესრიგეთ, პრემიების გაცემის სისტემა ჩამოვაყალიბეთ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება მსგავსი ინციდენტი,“– განმარტა პრემიერმა.